ბიზნესი
24/06/2020

ბიზნესომბუდსმენი შრომის კანონზე: დღეს არ არის სწორი დრო ამ ცვლილებებისთვის

მჯერა, დღეს არ არის სწორი დრო ამ ცვლილებების განსახორციელებლად, - ბიზნესომბუდსმენი შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების გავლენის შეფასებას ითხოვს.

მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ უნდა არსებობდეს სრული სურათი, რა ნეგატიური ან პოზიტიური გავლენა ექნება ცვლილებებს მომავალში, მით უფრო, რომ იკვეთება საკითხები, რაც ბიზნესს შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს.

„როგორც მინიმუმ საჭიროა ზეგავლენის დათვლა გაკეთდეს, რა გავლენა ექნება ამ ცვლილებებს ქართულ შრომის ბაზარსა და ბიზნესზე. შესაძლებელია, ზოგიერთმა კეთილშობილურმა მიზანმა რეალურად კი არ გააძლიეროს დასაქმებულის უფლებები, არამედ ერთდროულად, დააზიანოს დამსაქმებელი, ბიზნესი, ბიზნესგარემო და შესაძლებელია, გამოიწვიოს დასაქმებულთა საკმაოდ დიდი რაოდენობის „ჩრდილოვან ზონაში“ გადასვლა, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.

მისი თქმით, პირველივე ეტაპიდან ბიზნესომბუდსმენის ოფისი ჩართულია ამ პროცესში და შენიშვნები დაფიქსირებულია ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც ბიზნესის ინტერესების დაცვა იყო საჭირო.

„შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ცვლილება, იქნება ძალიან მძიმე ტვირთი ჩვენი ბიზნესისთვის და აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ცხოვრებას სტანდარტულ ბიზნეს გარემოში. დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა კოვიდი და ის ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არის საუკეთესო დრო ასეთი მძიმე ცვლილებების განხორციელებისთვის“, - ამბობს დაუშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=jsuc4bFyxT4

Businesspartner