ბიზნესი
14/07/2020

„ქართლი ტექსტილი“ 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება

რუსთავის საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთავში განაცხადა, სადაც დღეს კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციას დაესწრო.

პრემიერის ინფორმაციით, „ქართლი ტექსტილი“ 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. 'მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით,საწარმო ამოქმედდება სერიოზული მიღწევა იქნება რეგიონისთვის და ქალაქისთვის.

„მე ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როდესაც „აჭარა ტექსტილი“ იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო ძალიან დინამიური. ეს იყო საწარმო, ჯერ აჭარაში, შემდგომ იყო ფოთში, მათ შორის ქობულეთში და ეს არის მე-4 საწარმო დღეს, აქ, რომელიც ფაქტობრივად, ქართული მსუბუქი მრეწველობის ავანგარდია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ასე დარგობრივად, სექტორულად უნდა მივყვეთ. ეს არის საწარმო, რომელიც ამზადებს, კერავს საექსპორტო პროდუქციას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 „ქართლი ტექსტილის“ მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია.

საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. 

Businesspartner