ბიზნესი
15/06/2020

ქართული ელექტრომობილის წარმოება გადავადდა

Covid 19-მა Aigroup-ის გეგმები შეაფერხა. უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც პანდემიამ Aigrup-ს შეუქმნა ლოგისტიკური შეფერხებები იყო.

როგორც აიგრუპის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მსოფლიოში განვითარებული პროცესების გამო, 2019 წლის შემოდგომაზე შეძენილი საწარმოო ხაზისა და ტექნოლოგიური სიმძლავრეების ჩინეთიდან დროული მოწოდება ვერ მოხერხდა.

სრულად დაკომპლექტებული ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვა.

„ჩვენმა პარტნიორმა, ავტოინდუსტრიის ჩინურმა გიგანტმა, ჩანგანმა მხოლოდ თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყო საწარმოო პროცესების განახლება, ისიც მხოლოდ ავტომატიზირებულ ნაწილებში. სრულად, სამუშაო პროცესს ქარხანა როდის დაუბრუნდება, ჯერ არ ვიცით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად დაკომპლექტებული ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვა,“ - ამბობს კახა გულედანი.

კიდევ ერთი პრობლემა, კახა გულედანის თქმით, მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხია. კერძოდ, კომპანია საწარმოს მშენებლობისა და საწარმოო ხაზების მონტაჟის მიმართულების სამართავად, ჩინეთიდან ინჟინრების გუნდს ელოდებოდა. ვერ მოხერხდა ქართველ სპეციალისტთა გუნდის ჩინეთში გადამზადებაზე გაგზავნაც.

კახა გულედანის თქმით, მიმდინარე მოვლენების გამო ეს მიმართულებაც 2019 წლის ბოლოდან დღემდე შეჩერებულია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თარიღები გადაიხედება, თუმცა ისინი არ დაიშურებენ რესურსებსა და ენერგიას, რათა საქართველოში დაპირებული ქართული ელექტრომობილის წარმოება მალე დაიწყოს.

ქართული ინდუსტრიული ჯგუფი აიგრუპი ოთხ მიმართულებას აერთიანებს: აიქარი - ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, აიპროდაქშენი - ელექტრომობილების საწარმო, აიენერჯი - ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარება, აიფაუერი - მზის პანელებით ელექტროენერგიის გენერაცია.

ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა. ქუთაისში მდებარე ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხანას 2019 წელს, საინვესტიციო ვალდებულებებით, 68 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება - მიწა და შენობა 1 ლარად გადაეცა. ელექტრომობილების საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილის გამოსვლა იგეგმებოდა. ამასთან, საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი უნდა გამხდარიყო.

ბიზნესპარტნიორი