ბიზნესი
18/06/2020

ნიკა ნანუაშვილი: შრომის კოდექსი იდეოლოგია არ არის, მათემატიკაა

„საქართველოს ბიზნესასოციაცია“ „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს. მისი იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე, ნიკა ნანუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ნორმირებული სამუშაო საათების 48-დან 40-მდე შემცირება ამ ეტაზე მათთვის მიუღებელია.

„ევროკავშირის ქვეყნებში ეს მინიმალური სტანდარტი არ არის. იგივე ნორმირებული სამუშაო დროის მიხედვით ბევრ ქვეყანას სხვადასხვა სტანდარტი აქვს. თუ, მაგალითად, საფრანგეთში 35 საათიან სამუშაო კვირაზეა საუბარი, სხვა ქვეყნებში ბევრად მეტია ეს რიცხვი. მაგალითად, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში. გერმანიაში ცალკეული სექტორებისთვის 50 საათიანი ნორმირებული სამუშაო კვირაც არის დაშვებული. ასეთი ჩაკეტილი მიდგომა არ არსებობს. იქ სხვაგვარია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების პრინციპებიც. რიგ ქვეყნებში არის 125%-იანი ზღვარი, რიგში 150%-იც არის, მაგრამ ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში ეს საკითხი კანონმდებლობით საერთოდ არ არის რეგულირებული და სახელმწიფო ეუბნება დასაქმებულსა და დამსაქმებელს - თქვენ რაზეც შეთანხმდებით, ისე იქნებაო. როდესაც ადამიანები შრომით ურთიერთობებში შედიოდნენ, რაზეც მოაწერეს ხელი ის ყოველთვის უნდა მიიღონ. ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენ კომპონენტსა და მითებზე, რომ ბიზნესი „მჩაგვრელია“ და „მონათმფლობელი“…“,- აღნიშნა ნანუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხშირად საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები მინიმალური ანაზღაურებით უფრო მეტ საათს მუშაოენ, ვიდრე კერძო სექტორში მომუშავენი.

„ავიღოთ ოფიციალური სტატისტიკა, ვინ რომელ სექტორში რამდენ საათს მუშაობს. სახელმწიფო სექტორში რიგ შემთხვევებში უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე კერძო სექტორში. რაც შეეხება შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას, საჯარო სექტორში უფრო ნაკლებია, ვიდრე კერძო სექტორში. შრომის კოდექსი იდეოლოგია არ არის, ის მათემატიკაა. უნდა დავთვალოთ რისი რესურსი გვაქვს და რა შეიძლება გავაკეთოთ. შევაფასოთ რეგულირების ზეგავლენა. როდესაც საქართველოს მთავრობამ რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია დაამტკიცა განსაზღვრა, რომ „შრომის კოდექსი“ არის ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელში ცვლილებებსაც აუცილებლად უნდა ახლდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება ოღონდ იმ დათქმით, თუ არ ცვლილებებს ამზადებს მთავრობა. „შრომის კოდექსს“ ეკონომიკაზე იმხელა გავლენა აქვს, რომ RIA-ს გარეშე ცვლილებები არ შეიძლება, შეიძლება დაგვაზიანოს. ამ პროექტზე RIA არ არსებობს. მოდი, ერთად დავსხდეთ და მიახლოებით მაინც შევიქმნათ წარმოდგენა, რას გამოიწვევს ეს ყველაფერი. შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილების დაკარგვა? კი, შეიძლება. დიდწილად ესეც მოხდება. მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესება არაპროდუქტიულია, არაფერს ცვლის კარგ შემთხვევაში და ნეგატიურად აისაება ადამიანებზე, რომლებიც ისედაც მოწყვლად ჯგუფებში არიან. ის, რომ შრომითი უფლებები დაცული უნდა იყოს და ადამიანები საკუთარი ნების წინააღმდეგ არ უნდა ამუშაო, ამაზე არავინ დაობს. ყველას გვინდა, რომ უკეთესი იყოს შრომის პირობები და ანაზღაურებაც დასაქმებულს მეტი ჰქონდეს. როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ უნდოდეს, მაგრამ მინდა ერთია და შეგვიძლია მეორე“,- ამბობს ნიკა ნანუაშვილი

 

Businesspartner