ბიზნესი
23/06/2020

სადაზღვევო ინდუსტრია საზედამხედველო კაპიტალის ზრდის გადავადებას ითხოვს

სადაზღვევო სექტორი ზედამხედველისგან გარკვეულ შეღავათებს ელის.

როგორც „ბენეფიტ გლობალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, შესაბამისი მოთხოვნები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უკვე გადაეგზავნა. საუბარია საზედამხედველო კაპიტალის დაგეგმილი ზრდის გადავადებაზე.

„საქმე ეხება კაპიტალის ზრდას არასაჭირო მოცულობამდე. მზად ვართ, კაპიტალი გავზარდოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სექტორს სავალდებულო ხასიათის პროდუქტები დაემატება. თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი შინაარსის პროდუქტების გადავადება ხდება. მაგალითად, როგორიცაა მესამე პირის მიმართ სავალდებულო ავტოდაზღვევის ამოქმედება, რაც თითქმის დასრულებული სამუშაო პროცესი იყო პარლამენტთან, მაგრამ სავარაუდოდ წელსაც ვერ შევა ძალაში. შესაბამისად, ამ სიტუაციაში, ოთხი მილიონით კაპიტალის ზრდის საჭიროებას ვერ ვხედავთ. ვფიქრობთ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტო ამ პროცესს გადაავადებს,“- განმარტა ნინო კობახიძემ.

„ბენეფიტ გლობალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წელს სექტორი საყოველთაო დაზღვევის ნაწილში კერძო სადაზღვევო კომპანიების კომპონენტის გაჩენის საკითხს გააქტიურებს. ამასთან მუშაობა გაგრძელდება ესტონური მოდელის სადაზღვევოს სექტორზე გავრცელების თემაზეც.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე სადაზღვევო სექტორისთვის საზედამხედველო კაპიტალის 7,2 მილიონ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.

ბიზნესპარტნიორი