ეკონომიკა
24/06/2020

G&T : საქართველოს აქვს პოტენციალი $850 მლნ-ის იმპორტი ჩაანაცვლოს

საქართველოს აქვს პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგების ხელშეწყობით დაახლოებით 850 მლნ დოლარის იმპორტი ჩაანაცვლოს და ასევე ექსპორტის დივერსიფიცირება შეძლოს.

საინვესტიციო აქტივების მმართველი კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური მოდელი განახლებას საჭიროებს .

ახალი ანგარიშით, სოფლის მეურნეობაში წარმოების განვითარების პოტენციალი რამდენიმე დარგში იკვეთება, ეს არის: ხორცი და რძის პროდუქტები, მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი, საკვების გადამუშავება.

„ამ მიმართულებით, საქართველოს აქვს 400 მლნ დოლარის იმპორტის ჩანაცვლებისა და ასევე ექსპორტის დივერსიფიცირების შესაძლებლობა.  დარგის მთავარ გამოწვევად რჩება მიწების კონსოლიდაცია და დაბალი პროდუქტიულობა“, - აცხადებენ G&T-ის ექსპერტები.  

ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშენებლობა საკმაოდ იმპორტ-ტევადია, გარკვეული მიმართულებებით ადგილობრივი წარმოების წახალისებით შესაძლებელი იქნება 450 მლნ დოლარის იმპორტის ჩანაცვლება.

„პირველადი შეფასებით მიზანშეწონილია შემდეგი პროდუქტების წარმოების წახალისება: კაბელები, არმატურა, პლასტმასი, საღებავები, ავეჯი, წყლის გამაცხელებლები, ლითონის მასალები, ხის მასალა, კერამიკის ნაწარმი, ცემენტის კლინკერი. ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანა განახლებულ სტრატეგიას საჭიროებს, განსაკუთრებით მსოფლიოში ამ კუთხით გამძაფრებული კონკურენციის პირობებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ახალი მოდელი წარმოების პოტენციალის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ კუთხით, როგორც ადგილობრივი კომპანიების სტიმულირება, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Businesspartner