ფინანსები
30/06/2020

ფინანსური საფრთხის პრევენციისთვის - რას გულისხმობს დროებითი ბანკი

საბანკო ბაზარზე „დროებითი ბანკი“ შემოდის. ასეთ ბანკს ფინანსთა სამინისტრო იმ შემთხვევაში დააფუძნებს, თუ რომელიმე კომერციულ ბანკს პრობლემა შეექმნება და ე.წ „რეზოლუცია“ დაიწყება.

რეზოლუციის დროს, სახელმწიფო შეძლებს „დროებით  ბანკს“ პრობლემური ბანკის აქციები, აქტივები და ვალდებულებები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს და ამ გზით ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შენარჩუნება მოახდინოს.

კანონით განისაზღვრა ისიც, რომ დროებითი ბანკის მართვა კომერციულ საფუძვლებზე უნდა განხორციელდეს, რათა მოხდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების შენარჩუნება და დროებითმა ბანკმაც ბაზრიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გასვლა შეძლოს.

აღსანიშნავია, რომ დაუშვებელია დროებით ბანკს გადაეცეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ისეთი  აქტივები და ვალდებულებები, რომელთა გადაცემაც ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს დროებით ბანკზე ან რეზოლუციის მიზნებზე. თუ გადაცემული აქტივების ან ვალდებულებების გარკვეული ნაწილი არ შეესაბამება მათი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ კრიტერიუმებს, სებ-ს შეუძლია ის კომერციულ ბანკს უკან დაუბრუნოს.

ეროვნული ბანკი ე.წ რეზოლიციის ჩარჩოს შემოღებას ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებლად მიიჩნევს.

სებ-ში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რეზოლუციის ჩარჩო ეროვნულ ბანკს ამ პრობლემებზე ადრეული რეაგირების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო თუ ასეთი რეაგირება უშედეგოდ დასრულდა, მაგალითად, თუ დადგა კომერციული ბანკისათვის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, რეზოლუცია რეგულატორის მიერ კომერციული ბანკის იმგვარად რესტრუქტურიზაციას გულისხმობს, რომ საფრთხე არ შეექმნას ფინანსურ სტაბილურობას.

ეროვნული ბანკი რეზოლუციას შემდეგი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებით განახორციელებს: კომერციული ბანკის შერწყმა, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება ან დროებითი ბანკისთვის გადაცემა, კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვების ან ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით (Bail-in).

Businesspartner

მთავარი სიახლეები