ფინანსები
16/06/2020

კობა გვენეტაძე: ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფულად გზავნილებთან დაკავშირებით ოპტიომისტურ ნიშნებს ხედავს.

კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება ისეთი მაღალი როგორი პროგნოზიც არსებობდა.

"ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია: თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფით მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე", - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მაისში ქვეყანაში 131.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.6%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში 33.7%-ით არის შემცირებული და $13.6 მლნ-ია საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვები.

ბიზნესპარტნიორი