საზოგადოება
10/06/2020

სპორტული კომპლექსებისთვის რეკომენდაციები შემუშავდება

სპორტული კომპლექსებისთვის რეკომენდაციები შემუშავდება, - გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიღეს. 
ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ 20-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელთან დეტალები განიხილეს და რეკომენდაციებისთვის სამუშაო პლატფორმის შექმნაზე შეთანხმდნენ.
 
ცნობისთვის, რაც შეეხება პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს, მათთვის დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი მოქმედებს. პროტოკოლის მიხედვით, გამონაკლისების დაშვება უნდა მოხდეს სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არა კონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას.
 
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციების მიხედვით, შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენისთვის და ნაკრების ან კლუბის მთლიანი პერსონალისთვის 14 დღიანი კარანტინის/თვითიზოლაციის გავლა, კარანტინის დასრულების შემდეგ კი სრული შემადგენლობის ვირუსზე ტესტირება სავალდებულოა. სპორტსმენების კონტაქტი გარეშე პირებთან კი შეჯიბრის ან შეკრების დასრულებამდე უნდა გამოირიცხოს. ამასთან, სავალდებულოა ასევე თერმოსკრინინგისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა და დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაციის უზრუნველყოფაც.
 
რაც შეეხება სასტუმროებში განთავსებულ ღია და დახურულ საცურაო აუზებს, მათთვის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული შემდეგი რეკომენდაციები მოქმედებს, რომლებიც ითვალისწინებს აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე მხოლოდ 1 ადამიანის დაშვებას; შეზლონგის გამოყენებამდე/ ყოველი გამოყენების შემდგომ სადეზიმფექციო ხსნარით დამუშავებას; შეზლონგებს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვას (არა ნაკლებ 2 მეტრისა) და სხვ.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები