საზოგადოება
08/07/2020

თბილისს ორი ახალი საბაგირო შეემატება

თბილისს ორი ახალი საბაგირო შეემატება. საქმე ეხება სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის პროექტებს, რომლის განოხრციელებასაც თბილისის მერია გეგმავს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პირველი სამგორი-ვაზისუბნის პროექტი იქნება. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ევროა. თანხა მერის თქმით, უკვე გამოყოფილია.

"სამგორი-ვაზისუბნის ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, რომელიც 40 ათასზე მეტ მცხოვრებს ითვლის, მეტროსადგურ „სამგორთან“
დააკავშირებს, რაც მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. რაც შეეხება სარაჯიშვილი-ზღვისუბნის ხაზს, ის მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის დასახლებასთან დააკავშირებს. აქ საბაგიროს სადგური უნდა განთავსდეს თემქის ხევში. ჩვენ ვაპირებთ თემქის ხევის რეაბილიტაციას და პროექტში ესეც გათვალისწინებული იქნება, რომ სადგურის შენობა-ნაგებობა, აქ იყოს განთავსებული. სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო განთავსდება მეტროსადგურ „სამგორის“ ტერიტორიაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, სამგორი-ვაზისუბნის პროექტთან დაკავშირებით, მერია ივლისში უკვე კონსულტანტ კომპანიას აიყვანს, რომელიც პროექტის დეტალების დამუშავებაში დაეხმარება, მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, უკვე წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. ცოტა მოგვიანებით კი, მეორე პროექტის განხორციელებაც იქნება შესაძლებელი.

„2016 წელს, მერიის დაკვეთით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“ საბაგირო ტრანსპორტის შესახებ მთელი ქალაქის მასშტაბით კვლევა ჩაატარა. მისი მიზანი იყო, პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომელიც თბილისში საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გამოვიყენეთ ეს კვლევა და ადგილობრივ კომპანია „გეოგრაფიკს“ დავუკვეთეთ კონკრეტული დერეფნების გამოყოფა, სადაც შესაძლებელია, საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. ეს არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

Businesspartner