ტურიზმი
22/06/2020

G&T საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების 65%-იან შემცირებას ელის

გალტ & თაგარტის საბაზისო სცენარით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში წლიურად 65%-ით შემცირდება. ამავე რაოდენობით შემცირდება შემოსავლებიც.

ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების გამოწვევებსა და საჭიროებებზე საინვესტიციო ბანკის ორგანიზებულ ვებინარზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს მიადგება. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მოლოდინები პესიმისტურია და სექტორი ხანგრძლივი კრიზისისთვის ემზადება.

“2020 წელს შიდა ტურიზმი მნიშვნელოვანია სექტორში კრიზისის შესამსუბუქებლად, თუმცა მისი წონა მცირეა,  ადგილობრივი ტურისტების წილი სასტუმროებში მხოლოდ 26%-ია. ამასთან, შიდა ტურიზმს წაახალისებს ის ფაქტი, რომ 2020 წელს ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იქნება.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის პაკეტის ღონისძიებები სხვა ქვეყნების მსგავსია, თუმცა ერთი გამონაკლისია – საქართველოში არ მომხდარა შიდა ტურიზმის სტიმულირება.   კრიზისის სავარაუდო ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ტურიზმის სექტორისთვის 200 მილიონი ლარის ანტიკრიზისული პაკეტი არასაკმარისი იყოს, რადგან ჩვენი შეფასებით, სექტორი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში საჭიროებს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას. პოსტ-კრიზისულ პერიოდში მოსალოდნელია ტურისტების ეტაპობრივი დაბრუნება. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მეზობელ ქვეყნებზე, საიდანაც ვიზიტორების უმეტესობა საქართველოს საკუთარი ავტომობილით სტუმრობ”, – აღნიშნულია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის შედეგად მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 58%-ით შემცირდება 2020 წელს, რაც ინდუსტრიისთვის რეკორდული ვარდნაა.

კვლევაში დეტალურად არის განხილული Covid 19-ის გავლენა გლობალურ ტურიზმზე და დარგის მდგომარეობა საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნის ანტიკრიზისული გეგმები, დარგის საჭიროებები არსებული კრიზისის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მოლოდინები შიდა ტურიზმზე და ტურისტული ბაზრების ანალიზი.

როგორც გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მსგავსი ღონისძიების მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს და სახელმწიფო სტრუქტურებს გავუზიაროთ გალტ & თაგარტის ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევების და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები