ტურიზმი
25/06/2020

საბადურის ტყის განვითარებაში საბადური ვილაჯე 4 მლნ-ს ჩადებს

თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პარკის განვითარების პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს.

ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ვიზიტორთა კოტეჯები, სალაშქრო ბილიკები, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელი ზონა და სხვა. დაგეგმილია 300 კმ-მდე მარტივი და საშუალო სირთულის სალაშქრო ბილიკების მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით.

თბილისი ეროვნულ პარკში კერძო ინვესტიციის განხორციელებაც იგეგმება. „საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტის“ (ppp) ფარგლებში ინვესტორი „საბადური ვილაჯე” თბილისის ეროვნული პარკის საბადურის ტყის მონაკვეთის განვითარებაში, დაახლოებით, 4 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

თბილისის ეროვნული პარკი 20 ათას ჰექტარზე მეტი, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიაა. მის დაცვას კი, 40-მდე რეინჯერი უზრუნველყოფს. თბილისის ეროვნული პარკი, ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2018-2019 წლებში, მე-4 ადგილზე იყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები