ბიზნესი
25/11/2020

12 მლნ ლარის ინვესტიცია კახეთში - Walnuts.ge 150 ჰექტარზე კაკლის ბაღებს გააშენებს

აგრარული კომპანია Walnuts.ge 2021 წლის იანვრისთვის საგარეჯოში, გიორგიწმინდის მიწების 150 ჰექტარ მონაკვეთზე ამერიკული ჯიშის (ჩანდლერი) კაკლის ბაღების გაშენებას დაასრულებს. როგორც  Walnuts.ge-ს  დირექტორი დავით ბუხნიკაშვილი აცხადებს,კომპანიის მიზანი კაკლის დიდი, ინდუსტრიული ბაღების განვითარება და პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოებაა.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ ყოველ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, მაქსიმალური ამონაგები უნდა მივიღოთ. დღეის მდგომარეობით, ჩვენი კაკლის ბაღები უკვე 85 ჰექტარზეა გაშენებული. 2021 წლის იანვარში დამატებით 65 ჰექტრის ათვისებას ვგეგმავთ. საქართველოში საუკეთესო კლიმატური პირობებია და ეს უნდა გამოვიყენოთ.

მიუხედავად კაკლის მოშენების ათასწლოვანი კულტურული მემკვიდრეობისა, საქართველოში  ჯიშთა ინდუსტრიული წარმოების ცოდნა და გამოცდილება კრიტიკულად მცირეა, მათ შორის - ჩანდლერისაც.  ქვეყნისთვის სიახლეა კაკლის ეს ჯიში, თუმცა მსოფლიო ბაზარზე მას კარგად იცნობენ და მოთხოვნაც მაღალია.

პროექტი გერმანელ და ავსტრალიელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება და საინვესტიციო მოცულობა 12 მილიონ ლარია. ამ დროისთვის კომპანიაში სრული განაკვეთით 20-მდე ადამიანია დასაქმებული, რასაც ემატება 30-40 კაცამდე სეზონური მუშა-ხელი მიმდებარე სოფლებიდან", - აცხადებს ბუხნიკაშვილი.

Walnuts.ge-ს  დირექტორი აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია საწყისი ხარჯებიც. მაგალითად, მხოლოდ სარწყავი სისტემის მოსაწყობად დაახლოებით 5 მილიონი ლარია დახარჯული. კომპანია Irrigation System-ის მოწყობილი  3 და 4 ზოლიანი წვეთოვანი სარწყავი სისტემა და ისრაელის წარმოების უმაღლესი დონის ფერტიგაციის ავტომატური მართვის სისტემები, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად მართვის საშუალებას იძლევა. 

„ეს ნიშნავს, რომ პირველადი განვითარების  ინვესტიციაც მაღალია, რაც ჩვენს შემთხვევაში 70 000 ლარს აღწევს ჰექტარზე, თუმცა საპირწონედ 7-8  წლის შემდეგ 1 ჰექტარზე 7 ტონა მოსავალს, 1 კილოგრამ კაკალზე კი საშუალოდ  $3,5-ს მივიღებთ (საერთაშორისო ბაზრის ფასი). სექტორში მარტო არ ვართ, ბევრი კარგი ფერმერია საქართველოში და ნელ-ნელა ყველა ვსწავლობთ და ვვითარდებით.

ჩვენი გაყიდვების მთავარი სამიზნე ბაზარი საქართველოს გარდა ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებია. ამ დროისთვის მოლაპარაკებები ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გერმანიასთან.

აღნიშნულ ქვეყანაში რამდენიმე მწარმოებელია დაინტერესებული მაღალი ხარისხის კაკლის შეძენით, რადგან პრემიუმ  პროდუქციის მოძიება მსოფლიო ბაზარზე მარტივი  სულაც არ არის,“ - აცხადებს ბუხნიკაშვილი.

 

Businesspartner