ბიზნესი
13/05/2022

14 მაისს "ახალი ღვინის ფესტივალი 2022" გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით და ღვინის კლუბის ორგანიზებით, 14 მაისს, მთაწმინდის პარკში "ახალი ღვინის ფესტივალი 2022" გაიმართება. მასში 61 ღვინის კომპანია (დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობა), 89 საოჯახო მარანი და ათი სხვა კომპანია (ღვინის აქსესუარები) მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

"ახალი ღვინის ფესტივალი 2022" მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2021 წ) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას ჰპირდება.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და ღონისძიების მონაწილეებს თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს ასინჯებენ.

"ახალი ღვინის ფესტივალი 2022" დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალზე მისული სტუმრები ღვინოსთან ერთად, მუსიკითაც ისიამოვნებენ - "ნალი ბენდი", რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, "ჯეოფოლკი". ასევე, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება ათი ყუთი საუკეთესო ღვინო. ჩატარდება თიხის ნაკეთობების მასტერკლასები და სხვა. 

ახალი ღვინის ფესტივალზე დაგეგმილია საქველმოქმედო აქცია "ქართული მეღვინეობა უკრაინის მხარდასაჭერად". აქციისთვის სპეციალური სტიკერები შეიქმნა. ეს სტიკერები შეგხვდებათ იმ კომპანიების ღვინოებზე, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე თანხა უკვე გადარიცხეს. ეს თანხა მთლიანად უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში ირიცხება.

სტიკერიანი ღვინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად იღებთ მონაწილეობას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციაში. ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის სტიკერიან ღვინოებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. 

დაგეგმილი აქცია ამ ეტაპზე, მხოლოდ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელზე ვრცელდება.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, საბანკო ანგარიში უკვე გახსნილია. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ფესტივალამდეც და ფესტივალის დასრულების შემდეგაც. საქველმოქმედო აქციებით შეგროვებული თანხის რაოდენობა გასაჯაროვდება. ცნობილი გახდება ის ფონდიც, რომელშიც თანხა გადაირიცხება.

საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:GE89TB7844536080100014

საბანკო კოდი - TBCBGE 22

მიმღები: "ქართული მეღვინეობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად" ა(ი)იპ ღვინის კლუბი.

Businesspartner