ბიზნესი
03/08/2020

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - "ქართული ხიზილალა"

თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“  სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან  ერთად, 3-5 წლიან პერიოდში  ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ.

კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და  რესტორანი „თევზის სახლი“.

მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის შემცირებული. უახლოეს 3-5 წელში კი  „ქართული ხიზილალა“ და კიდევ რამდენიმე ქართული კომპანია ამას 20%-მდე დაიყვანს.

როგორც „ქართული ხიზილალის“ დამფუძნებელი განმარატვს, კომპანია ამ ეტაპზე ორგაულის ხიზილალას აწარმოებს, რომელიც 100, 200 და 500 გრამიანი შეფუთვით იყიდება. კილოგრამის ფასი კი 130 ლარია. სამომავლოდ დაგეგმილია ზუთხის ხიზილალის წარმოებაც.

ამ ეტაპზე კომპანია წელიწადში 200  ტონა კალამახს, ორაგულს და ზუთხს  გადაამუშავებს. ხიზილალის წარმოების წარმადობა კი წელიწადში 2 ტონას შეადგენს. დადიანიძის განცხადებით, კომპანია Horeca-ს სექტორისთვის თევზის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და მიმწოდებელია.

კომპანია შემოდგომიდან ონლაინ გაყიდვების გააქტიურებას გეგმავს.

„ბოლო ორი წელია რითეილთან აღარ ვთანამშრომლობთ, ვაპირებთ მიწოდების სერვისის გააქტიურებას. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში სრულად ავამოქმედებთ ჩვენს მიერ წარმოებული  პროდუქციის (ნედლი თევზის) სახლამდე მიტანის სერვისს. რითეილი გამოვრიცხეთ, რეალიზება ჩვენთვის ასე უფრო მოხერხებულია. რითეილზე დამოკიდებულება ცუდია, ცუდი გამოცდილება მაქვს. საწყის ეტაპზე გაყიდვები ფბ-ის საშუალებით გვექნება, სამომავლოდ ონლაინ პლატფორმის შექმნასაც ვგეგმავთ,“ - აცხადებს დადიანიძე.

კომპანია „ქართული ხიზილალა“ ბაზარზე 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიაში ამ ეტაპზე 70 ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები