ბიზნესი
28/04/2022

$50 მლნ-იან Catapult-ში მთავრობა ლიმიტირებული პარტნიორი გახდება

საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდის დაფუძნებაზე მოლაპარაკებები ბოლო ფაზაშია. საბოლოო შეთანხმება ივნისამდე შედგება.

მოლაპარაკებების თანახმად, Catapult Georgia One-ში სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორის სახით იქნება წარმოდგენილი. მიზანი ფონდის საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებაა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ცნობით, უკვე სრულდება მოლაპარაკებები, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის ფონდის ჩამოყალიბება საქართველოში პირველად ხდება.

შეგახსენებთ, $50 მლნ დოლარით ფონდის საქართველოში დაფუძნებაზე განაცხადი გასული წლის ნოემბერში გაკეთდა, რომლის პრიორიტეტადაც იმ ქართულ ინოვაციურ სტარტაპებში ინვესტირება დასახელდა, რომელთაც გლობალურ ბაზრებზე გასვლის პოტენციალი გააჩნიათ.

"ვასრულებთ უკვე მოლაპარაკებას, საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. პირველად ხდება ასეთი ტიპის ფონდის ჩამოყალიბება საქართველოში და ბევრი ნიუანსები იყო სამსჯელო GP-თან.

ივნისში თბილისში ჩამოდის Catapult VC-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი მაგ დროისთვის ჩვენი მოლაპარაკება დასრულებული უნდა იყოს, დანარჩენ სტატუსებზე უკვე ის გააკეთებს განცხადებას", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები