ბიზნესი
03/01/2021

ახალი რეალობა და ავიაინდუსტრიის მოლოდინები

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაციის გათვლებით, კორონავირუსის პანდემია საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიას $118 მილიარდზე მეტად აზარალებს, 2021 წელს კი ორგანიზაცია $38.7 მლრდ-ის დანაკარგს ვარაუდობს, თუმცა შესაძლოა ეს მაჩვენებელი შეიცვალოს.

შემოსავლები თითქმის ვერ მიიღეს ქართულმა ავიაკომპანიებმაც. ამბობენ, რომ 2020 წელი ინდუსტრიისთვის ისტორიულად ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უმძიმესია.

ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წელს აფასებს და ამბობს, რომ ის საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა გლობალურმა პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ნაციონალური ავიახაზების არსებობა. აქვე ბოკერია 2021 წლის მოლოდინებზე საუბრობს და მთავრობას ქართული ავიაციის სტრატეგიის შექმნას სთავაზობს.

"2021 წელი ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება. უნდა გადავიხადოთ 2020 წლის განმავლობაში დაგროვებული ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც ჩვენი კრედიტორების მიმართ ახლა არ ვიხდით. მაშინ სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დავდგებით. ალბათ, ფინანსურად ამ წელზე უფრო ძნელი იქნება. ძალიან გვჭირდება, რომ სახელმწიფოსთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის ავიაციის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ავიაციას უპირატესობა მიენიჭება“,- ამბობს ბოკერია.

მისივე განმარტებით, შესაბამის უწყებებს საავიაციო სექტორის დახმარების პაკეტის მოდელი თავად უკვე წარუდგინა.

„უნდა განიხილებოდეს სხვადასხვა სახის უკვე აპრობირებული დახმარების პაკეტები. შესაბამის უწყებებს მე შევთავაზე გრძელვადიანი სესხი, რომლის საშუალებითაც, მოხდებოდა ვალების რესტრუქტურიზაცია და დაფარვა. ასევე ახალი თვითმფრინავების მოზიდვა და ახალი მარშრუტების დამატება. მაგალითად, თბილისი-ნიუ-იორკი, ეს ჩემი ოცნებაა. რატომ არ არ შეიძლება ეროვნულ ავიაციასთან თანამშრომლობით, მთავრობასთან ერთად დავიწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განვითარება?!“ - აცხადებს ბოკერია.

2019 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს Myway Airline-ს შესრულებული რეისების რაოდენობა 80%-ით შეუმცირდა. არსებულ ვითარებას კომპანიისთვის არასტაბილური გარემო და ბუნდოვანი 2021 ამწვავებს.

„პანდემიამ ავიაციას უპრეცედენტოდ დიდი ზარალი მიაყენა. არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ემოციურადაც რთული წელიწადი იყო. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, თბილისიდან შესრულებული რეისები 80%-ით არის შემცირებული. ამ ყველაფერს გაურკვევლობაც ამწვავებს. არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გარემოა. ეს კი დაგეგმვის პროცესში ხელს გვიშლის. ყველას კარგად გვახსოვს ზაფხულის პერიოდი, როდესაც გაცხადებული იყო, რომ საერთაშორისო ვიზიტორებს ველოდებოდით. იყო მოლოდინი, რომ გაიხსნებოდა საზღვრები, დაიწყებოდა ფრენები, თუმცა დღეს ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ უკვე მერამდენედ, საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა გადავადდა“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქობულაშვილმა.

მისივე განმარტებით, Myway-ს ორი გეგმა აქვს, მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მათი განხორციელებაც გლობალური პანდემიის განვითარებაზეა დამოკიდებული.

„მოკლევადიანი გეგმის ფარგლებში ჩვენი მიზანი კრიზისის გადალახვა და ბაზარზე დარჩენაა, ხოლო გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, Myway განვითარებას და მომხმარებლისთვის ბევრად მეტი მიმართულების შეთავაზებას აპირებს.

რაც შეეხება პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას, ამას ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. თუმცა მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში მიზნების მიღწევასა და სრულყოფილ ოპერირებას შევძლებთ“,- ამბობს ქობულაშვილი.

შავ ლაქას უწოდებს 2020 წელს Air Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი კოდუა. მისი ვარაუდით, 2021 წელს საავიაციო ინდუსტრია ახალ რეალობას შეხვდება. ახალი სახელებითა და შერწყმული ბრენდებით.

2020 წელი კატასტროფა იყო. მსოფლიოს ავიაინდუსტრიისთვის ეს იქნება შავი ლაქა. მრავალი თვითმფრინავი გაჩერდა. ბუდაპეშტში რომ ნახოთ, WizzAir-ის ბორტი, ერთ საპარკინგე ადგილზე ორი თვითმფრინავია გაჩერებული. ეს ავიატორებისთვის ძალიან მძიმე სურათია, მძიმედ ხდება ავიაციის შენარჩუნება. ვინც ავიაკომპანიას შეინარჩუნებს, უკვე მარტო ესეც გმირობაა. ბევრმა ამას ვერ გაუძლო.

ბევრი კომპანია გაზაფხულიდან, ალბათ ვერ დაუბრუნდება ფუნქციონირებას. შეიძლება ვერ გასტანოს. ბევრი კომპანია გაკოტრდება, ბევრი შეერთდება, მივიღებთ ახალ სახეებსა და ახალ სახელებს. თუმცა, არ უნდა დავნებდეთ და უნდა დავიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება ქართული ეკონომიკის გაძლიერებისთვის“,- აცხადებს კოდუა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები