ბიზნესი
04/12/2020

“ახალი შეზღუდვები კომპანიის განვითარების პროცესს შეაფერხებს“ - “ბიბლუსი“

კომპანია „ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე ეპიდვითარების გამო გამკაცრებულ შეზღუდვებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიაყენებს კომპანიას და ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება.

„გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ახლა,შესაბამისად, ამ შეზღუდვებით სერიოზული ზიანი მოგვადგება. ზუსტად რა რაოდენობის ზარალზეა საუბარი ჯერ ვერ ვიტყვი, თუმცა, გაზაფხულის სეზონის ჩაგდებამ, სკოლის აკრძალვამ და კიდევ უფრო გამკაცრებულმა რეგულაციებმა რთულ სიტუაციაში ჩაგვაყენა. მომავალი წელი ალბათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას დასჭირდება, ხოლო ძველი პარამეტრების დაბრუნებას - ალბათ რამდენიმე წელი.

3–4 მაღაზიის დროებით გაჩერება მოგვიწია, ისეთ ლოკაციებში როგორიცაა აეროპორტი და სხვა. ვცდილობთ, დანარჩენ ფილიალებში გავაგრძელოთ მუშაობა, გააჩნია როგორ დავასრულებთ ამ წელს. საკმაოდ სერიოზული დახმარება დაგვჭირდა სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან. დანაკარგები ისევ მოსალოდნელია. ამის მიუხედავად, კომპანია გადარჩება, იმუშავებს, უბრალოდ განვითარების მხრივ სერიოზული დარტყმა იქნება და შეაფერხებს ამ პროცესს.“–აღნიშნავს ირაკლი გაგნიძე.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

Businesspartner