ბიზნესი
07/06/2021

ალუბლები: სექტემბრიდან კერძო საბავშვო ბაღებში გადასახადი 35-40%-ით მოიმატებს

სექტემბრიდან კერძო ბაღებში  საფასური იზრდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი “ალუბლების“ დამფუძნებელმა ნათია გურგენიძემ განუცხადა, ფასები დაახლოებით 35-40%-ით გაიზრდება, სექტორი სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებს მუშაობას.

„ქვეყანაში ყველაფერზე 35-40%-იანი ზრდაა, ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ეს ყველაფერი ისევ ხალხის ზურგზე გადაივლის,“ - აცხადებს გურგენიძე.

კითხვაზე, საფასურის გაზრდის შემთხვევაში, შემცირდება თუ არა კერძო ბაღებზე მოთხოვნა, გურგენიძე აღნიშნავს, რომ სექტორს ესეც ნაფიქრი აქვს და იცის, რომ ბავშვების რაოდენობა შეუმცირდება.

„ვინც შეძლებს ის ატარებს კერძი საბავშვი ბაღში ბავშვს. ცოტა რაოდენობა გვეყოლება, ეს გაცნობიერებული გვაქვს, თუმცა სხვა გზა არ არის. 450 ლარად როგორ შეიძლება დილიდან საღამომდე ბავშვებს საუკეთესო საკვები მიაწოდო, საუკეთესო აქტივობები ჩაუტარო და საუკეთესო ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ, ვერ ხერხდება. თვითღირებულება გაიზარდა და 450 ლარი გახდა, 20-25% მაინც ხომ უნდა გვქონდეს ჩვენც?

ფასის ზრდის მიზეზი კომპლექსურია. სამჯერ გაიზარდა კომუნალური გადასახადები ფასი, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაძვირდა წყლის გადასახადი,“ - აცხადებს გურგენიძე.

შეგახსენებთ, მთავრობა სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის სუბსიდირების მეორე ეტაპს იწყებს. მეორე ეტაპზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2-დან 11 ივნისის ჩათვლით მიიღებს განაცხადებს.

“ალუბლებმა“ პირველ ეტაპზე სუბსიდიით ვერ ისარგებლა. მიუხედავად ამისა, „ალუბლების“ დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ მეორე ეტაპზე დააკმაყოფილებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  მიერ გამოცხადებულ პირობებს.

 

Businesspartner