ბიზნესი
23/09/2020

APM Terminals-მა ფოთში სანავსადგურე ტექნიკა განაახლა

APM Terminals-მა ფოთში სანავსადგურე ტექნიკა განაახლა.

კომპანიამ ტერმინალის 8 ახალი უნაგირამაწევარა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში შეიძინა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ტერმინალის უნაგირამაწევარა სპეციალური ნახევარმისაბმელით ნავსადგურის ნავმისადგომებსა და საკონტეინერო ტერიტორიას შორის ტვირთების უსაფრთხოდ გადასაზიდად გამოიყენება.

ტექნიკა აღჭურვილია ნავსადგურის საოპერაციო სისტემასთან ინტეგრირებული მობილური კომპიუტერით, რაც კონტეინერების მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში მიმოცვლის საშუალებას იძლევა.

ცნობილია, რომ ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანია გაფართოებას გეგმავს. ახალი ნავმისადგომების ასაშენებლად კომპანია $250 მლნ-ის ინვესტიციის განსახორციელებაზე მზაობას აცხადებს.

APM Terminals-მა „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ 2011 წლის აპრილში შეიძინა. ნავსადგურში 15 ნავმისადგომია. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სულ კომპანიის განაცხადეით, ფოთის ნავსადგურში $80 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

APM Terminals-ი, A.P Moller-Maersk ჯგუფის წევრია. კომპანია მსოფლიოში წარმოდგენილია 78 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.

 

Businesspartner