ბიზნესი
15/07/2020

"არ მინდა Mariott-ის და Hilton-ის ფასებმა მომხმარებელი დააფრთხოს“ - GDG ჯგუფი

GDG ჯგუფში შემავალი კომპანია GDG იმერეთი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიან სასტუმროს 2021 წლის ზაფხულში გაიხსნება.

როგორც კომპანიის კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, ამ დროისთვის ობიექტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, უახლოეს მომავალში კი სარემონტო სამუშაოები დაიწყება. „ეს იქნება მთელი იმერეთის სავიზიტო ბარათი,“ - აცხადებს წაქაძე.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ 120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. თუმცა, 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი,ბარი და კაზინო განთავსდება. წაქაძე არ გამორიცხავს, რომ  სასტუმროს  დაემატოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის აუზი.

„საერთაშორისო ბრენდებმა, მათ შორის, Mariott-მა და Hilton-მა მართვაში შემოსვლა შემომთავაზეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ  ჩამოვაყალიბო მენეჯმენტ კომპანია, რომელიც სასტუმროს მართვას თავად უზრუნველყოფს. ისიც ვიფიქრე, რომ ბევრი შეიძლება დააფრთხოს Mariott-მა და Hilton-მა, რადგან მაღალი საფასო სეგმენტის სასტუმროებია, ძვირიანია, მე კი მინდა, რომ ფასები ხელმისაწვდომი იყოს,“ - აღნიშნავს ბეჟან წაქაძე.

ბიზნესმენის ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია რა სახელით დაიწყებს სასტუმრო ოპერირებას, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, „არგონავტები“, თუმცა, მენეჯმენტი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. 

Businesspartner