ბიზნესი
11/04/2022

არდი: 2022 წელი სადაზღვევო სექტორისთვის რთული იქნება

„არდის“ გენერალური დირექტორი ელის, რომ გლობალური და ლოკალური ფაქტორების გათვალისწინებით 2022 წელი სადაზღვევო სექტორისთვის რთული იქნება.

როგორც მიხეილ ჯაფარიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სექტორის წარმომადგენლების დიდი ნაწილისთვის გასული წელიც არ იყო მარტივი.

„გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების უმეტესობას ან სიმბოლური, მინიმალური მოგება ჰქონდათ ან საერთოდ ზარალზე იყვნენ. წელი ზარალით დავხურეთ ჩვენც. რაც შეეხება პროგნოზებს, რთულია გათვლების გაკეთება. უფრო სწორი იქნება კონსერვატული მიდგომა გვქონდეს. მართალია, რყევების თავიდან აცილება ვერ მოხდება, თუმცა შოკების მიმართ სისტემა რამდენადაც შესაძლებელია უფრო მდგრადი უნდა იყოს,“ - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, სექტორში უდიდესი წილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. შესაბამისად, მედიკამენტების, სამედიცინო სერვისებისა და სხვა პროდუქტების ფასების მერყეობა, პირდაპირ აისახება კომპანიების მოგება ზარალზე და სერვისების განფასებაზე.

„ჩვენთვის შარშანდელი წელი რთული იყო. გვქონდა პერიოდი, როცა ერთ თვეში მედიკამენტები და სამედიცინო სერვისი თითქმის 25%-ით გაძვირდა. ასეთი ნახტომისებური გაძვირებების გამო, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ. შესაბამისად ეს ტვირთი ჩვენზე გადმოდის, რაც მარტივი სატარებელი ნამდვილად არ არის. საქმე იმაშია, რომ როდესაც ხდება სადაზღვევო კომპანიის სერვისის ფასის განსაზღვრა, ის მთელი წელი არ იცვლება. სამაგიეროდ, წლის განმავლობაში ფასები მკვეთრად მერყეობს იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ჩვენც ვყიდულობთ. როდესაც ფასები 3-5%-ით მერყეობს, ამას სადაზღვევო კომპანია მართავს, მაგრამ როცა ფასნამატი თვეში 25%-ია, ამის მართვა ძალიან რთულია. სადაზღვევო კომპანიას კი არაფერი რჩება გარდა იმისა რომ მოახდინოს ზარალის მინიმიზება. ყველაფრიდან გამომდინარე ველით, რომ 2022 წელიც საკმაოდ რთული იქნება. რადგან არის არა მხოლოდ ლოკალური არამედ გლობალური ფაქტორები,“ - აღნიშნა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორს მოგება შეუმცირდა. ინდუსტრიამ 2021 წელი 40 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, რაც პანდემიურ 2020 წელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.

Businesspartner