ბიზნესი
17/06/2021

"არემჯიმ" გარემოსდაცვით ღონისძიებებზე ₾30 მლნ-ზე მეტი დახარჯა

კომპანია RMG-მ გარემოს დაცვით მორიგ მონიტორინგს უმასპინძლა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ის ლოკაციები დაათვალიერა, რომლებიც წლების წინ გარემოს დამაბინძურებელ კრიტიკულ კერებად ითვლებოდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ₾30 მლნ-ზე მეტი მიმდინარე და მემკვიდრეობით გადმოცემული ეკოლოგიური ხარვეზების აღმოფხვრას უკვე მოხმარდა და ამ მიმართულებით სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში, ბოლო 3 წელია, მუდმივად მიმდინარეობს.

ამიერკავკასიაში ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ ყველაზე დიდ საწარმოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ თითქმის 100 პუნქტიანი პროგრამა 2018 წელს განუსაზღვრა, რაც იმ ვალდებულებებს გულისხმობდა, რომელიც კომპანიას ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად უნდა შეესრულებინა.

„კომპანიასთან ერთად, ძალიან კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა შევადგინეთ და ინსპექტირებას გარკვეული პერიოდულობით ვაწარმოებთ. პირადად მეც რეგულარულად ვსტუმრობ კომპანიას და ვამოწმებთ იდენტიფიცირებულ კრიტიკულ წერტილებს. პროგრესი ნამდვილად სახეზეა, კომპანიამ ინვესტიციების შედეგად ძალიან რთული და შრომატევადი ღონისძიებები გაატარა და ძირითადი დამაბინძურებელი ფაქტორები, შეიძლება ითქვას, რომ აღმოფხვრა,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

გარემოსდაცვითი სამუშაოების შედეგად მავნე წყლები გარემოში თითქმის აღარ გაედინება, მდინარეები - ფოლადაური და მაშავერაც ბევრად უფრო სუფთაა. გარდა იმისა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანიამ წყალშემკრები ავზი მოაწყო, მათში წყლის ქიმიურად გამწმენდ აპარატსაც უახლოეს მომავალში დააყენებს. თვალსაჩინოა რეკულტივირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიც, 18 ჰექტრამდე ფართობი უკვე გამწვანებულია, ნიადაგის განოყიერების და მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოები კი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ჰაერის დამტვერიანების კომპონენტს კომპანია RMG სამსხვრევებისა და მადნის საზიდი გზების გადარეცხვა-დატენიანებით აგვარებს.

კომპანია სამოქალაქო საზოგადოების თუ სამინისტროს წარმომადგენლების მონიტორინგისთვის ღიაა.

"მესამე წერლია გარემოს დაცვით ღონისძიებებს ვატარებთ, უკვე დასკვნით ფაზაში ვართ და მიწერილობით გათვალისწინებული ვალდებულებების უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებული გვაქვს. ჩვენი გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ამაზე ყველა ვთანხმდებით და პროექტს შემდეგ წლებშიც მთელი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ,“ - აცხადებს RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე ლიპარტია.

ეკოლოგიური საკითხები, რომლისთვისაც თითქმის 50 წელი არავის მოუცლია, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეს  RMG-ის მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტულია, ვალდებულებების 100-მდე პუნქტიდან უმეტესობა შესრულებულია, თუმცა გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიმართულებით, კომპანიას მუშაობა შემდგომ წლებშიც აქტიურად მოუწევს.

Businesspartner