ბიზნესი
10/12/2021

ასოციაცია: 2021 წელს ელვაჭრობა 50%-ით გაიზარდა

"ონლაინ კომერციის ასოციაციის" დამფუძნებლი, ლევან მოლაშვილი აცხადებს, რომ საქართველო, პანდემიიდან გამომდინარე, ძალიან დაუახლოვდა ელექტრონულ კომერციას.

"რა თქმა უნდა, დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ელკომერციის წილი დაახლოებით 5-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთან. თუმცა თუ გადავხედავთ საიდან დავიწყეთ, საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. პრობლემები კვლავ რჩება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ხვდებიან თუ რამდენად საჭიროა ეს მიმართულება და ეჩვევიან, რომ ეს არის მომავალი," – აღნიშნავს მოლაშვილი.

მისივე თქმით, პანდემიის დასაწყისში ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით 20-30%-იანი ზრდა იყო, თუმცა „ლოქდაუნის“ შემდეგ 100%-იანი ზრდაა.

"გაორმაგდა ასევე დაინტერესება, რისი თქმის საფუძველსაც გვაძლევს ჩვენს ასოციაციაში არსებულ სასწავლო კურსებზე მოთხოვნა. რაც შეეხება 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით 50%-იანი ზრდა გვაქვს ელკომერციაში. მგონია, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია და რაც დრო გავა ელკომერცის მიმართულებით მოთხოვნა და ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება," – ამბობს ასოციაციის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, გალტ & თაგარტის პროგნოზით, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა 2021-2025 წლებში 1.1 მლრდ ლარამდე გაიზრდება. ამასთან, იგივე პერიოდში მოსალოდნელია საცალო გაყიდვებში ელ-კომერციის წილის ზრდა 1.1%-დან 4.7%-მდე.

 

Businesspartner