ბიზნესი
23/09/2022

ასოციაცია: საქართველოში გაშენებული ნუში ევროპული ბაზრისთვის მისაღებია

ნუშის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. ფერმერები უკვე აქტიურად ცდილობენ, სარეალიზაციო ბაზრები მოიძიონ. 

ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თორნიკე ლათათიას ინფორმაციით, საქართველოში ნუშის ბაღები ჯამში დაახლოებით 5 000 ჰექტარზეა გაშენებული. 

"ჩვენთან გაშენებული ბაღების უმრავლესობა, ისეთი ჯიშებია, რომელიც როგორც ევროპული, ისე სხვა ბაზრებისთვის მისაღებია. ეს არის ევროპული, ამერიკული ჯიშები, რომელიც აღნიშნულ ბაზრებზე უკვე ჩვეულებრივ ვაჭრობაშია. საკმაოდ მაღალი ხარისხის მოსავალი მივიღეთ. თუმცა, საქართველოს, როგორც ნუშის მწარმოებელს, ევროპული ბაზარი არ იცნობს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სწორი სტრატეგიით შევიდეთ. ხარისხთან ერთად დავიჭიროთ საინტერესო ფასი, იმისთვის, რომ მყიდველები ქართულ ბაზარზე გადმოვრთოთ", - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ. 

მისი თქმით, წელს ნუშზე ფასი საკმაოდ დაბალია. 

"წლევანდელი წელი საკმაოდ ტურბულენტურია, აბსოლუტურად ყველგან მაღალი ინფლაციაა, კომუნალურები გაზრდილია. ადამიანები, განსაკუთრებით ევროპაში, გადასულები არიან თანხის დაზოგვაზე. მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, განსაკუთრებით ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა შოკოლადი, სადაც ნუში და კაკლოვანი კულტურები გამოიყენება. ამასთან, ნუში აუცილებელ პროდუქტად არ ითვლება. შესაბამისად წელს ფასი საკმაოდ დაბალია.   

ჩემი ინფორმაციით, ევროპული ბაზარი ნუშს დაახლოებით 4 ევროდ ყიდულობს, ეს არის ნუშის გულის ფასი. ჩვენ რა ფასად გავყიდით, ეს უფრო მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული

საკმაოდ ცვალებადი ფასი იქნება ევროპულ ბაზარზე, ჩვენ ამ ბაზარზე ვკონცენტრირდებით, და რუსეთის ბაზრისთვის და ალბათ შემდეგ ინდივიდუალურად ფერმერები გააკეთებენ არჩევანს, სად და როგორ გაყიდონ. თუმცა, ნუშის მოსავლის აღება ახლა დაიწყო და შეიძლება ფასი დაკორექტირდეს", - განაცხადა თორნიკე ლათათიამ "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები