ბიზნესი
11/08/2020

"ავტომობილები, საზღვრების გახსნის პარალელურად, გაძვირდება" - "კავკასიის ავტოიმპორტი“

„საზღვრების გახსნასთან ერთად, მოსალოდნელია ავტომობილების ფასების საგრძნობლად მატება“, - ვარაუდობენ „კავკასიის ავტოიმპორტში".

კომპანიის დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ტენდენცია გაძვირებისკენ უფროა მიმართული, ვიდრე გაიაფებისკენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ მანქანები უკვე დეფიციტურ საქონელში გადის.

„პანდემიის პერიოდში თითქოს უნდა შემცირებულიყო ფასები, თუმცა, ასე არ მოხდა. საქართველოში, ჩვენი ვარაუდით, ავტომანქანები არ გაიაფდება. ქართველმა დილერებმა გააანალიზეს, რომ მანქანა მალე დეფიციტურ საქონლად ჩაითვლება, თანაც რეგიონიდან გამომდინარე მოთხოვნა ყოველთვის დიდია. მაგალითად, აზერბაიჯანში  ფასებმა უკვე მოიმატა“,- აღნიშნავს სურგულაძე.

როგორც „კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი აცხადებს, პანდემიამ საქართველოს ავტოიმპორტის ბაზარზე ნეგატიური გავლენა იქონია. ფაქტობრივად განახევრდა ბრუნვა, თუმცა, არ განულებულა და ბაზარი  სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს.

სურგულაძის ინფორმაციით, უკვე შეინიშნება მატების ტენდენციაც. 

„საზღვრები ჩაკეტვის გამო, რეექსპორტის მაჩვენებელი, პანდემიის პირველ პერიოდში ძალიან შემცირდა, თუმცა გარე ბაზარი მოერგო სიტუაციას და საქართველოს ბაზრიდან ონლაინ ვაჭრობა დაიწყეს, რამაც გაამართლა. მაგალითად, აზერბაიჯანში მხოლოდ საქართველოდან შედის ავტომანქანები, შესაბამისად, მათაც მოუწიათ ონლაინ მიმართულებაზე მორგება. წინა წელთან შედარებით, ადგილობრივი ბრუნვა დაახლოებით 30%–მდე შემცირდა, რაც შეეხება  რეექსპორტს, საწყის ეტაპზე იგივე მაჩვენებელი იყო, თუმცა ეს ტენდენცია ნელ–ნელა კლებულობს და უბრუნდება ჩვეულ ნიშნულს“, - აცხადებს  „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე.

 

Businesspartner