ბიზნესი
08/06/2021

BAG-ი თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციის გამარტივებას ითხოვს - პროექტი პარლამენტში

ბიზნეს ასოციაცია თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციის გამარტივებას ითხოვს. ასოციაცია პარლამენტს მიმართავს, რომ თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციისა და განთავსების მიზნებისთვის, ტრადიციული თამბაქოს ნაწარმისგან განსხვავებული პირობები და ვალდებულებები დაწესდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომელიც “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

პროექტით, ცვლილება ეხება კანონის მუხლს, რომელიც თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მოწყობილობის რეალიზაცია-განლაგებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, შენარჩუნდება თამბაქოს ნაწარმის ინტერნეტით ან ფოსტით საცალო ვაჭრობის აკრძალვა, თუმცა დასაშვები იქნება თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით გაყიდვა, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა მათზე დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება.

ამასთან, შიდა ხილვადობასთან დაკავშირებული აკრძალვა აღარ შეეხება თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილ მოწყობილობას. შიდა ხილვადობის აკრძალვისაგან გამონაკლისი შეეხება არა მხოლოდ აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებს, არამედ ნებისმიერი, მათ შორის სახმელეთო საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებსაც.

ცვლილება ეხება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის ნაწილსაც.

მოქმედი კანონმდებლობით, იკრძალება პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, დაზუსტდება, რომ პირდაპირ პერსონალურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული აკრძალვები არ შეეხება შემთხვევებს, როდესაც პროდუქტის რეალიზატორი მომხმარებელს/შემძენს აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: პროდუქტის დასახელება და სახე; პროდუქტის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქტი; შესაბამის შემთხვევაში - იმ პროდუქტის ვარგისობის ვადა (პროდუქტის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება; შესაბამის შემთხვევებში - პროდუქტის წონა ან/და მოცულობა; შესაბამის შემთხვევაში - პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა; შესაბამის შემთხვევაში - პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები; მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ დათქმის შემთხვევაში - საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები; პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში გაწერილია, რომ 2022 წლის 31 დეკემბრიდან აკრძალული იქნება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზირებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება. საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, სტანდარტიზირებული შეფუთვის ვალდებულება არ გავრცელდება თამბაქოს ნაწარმის ორ სახეობაზე - თამბაქოს ახალ ნაწარმზე და გასახურებელ თამბაქოზე.

ასევე, კანონში წერია, რომ 2022 წლის 31 დეკემბრიდან აკრძალული იქნება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. ნებისმიერი წარწერა შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, აკრძალული იქნება ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწესის დატანა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, აღნიშნული რეგულაცია არ შეეხება თამბაქოს ახალ ნაწარმსა და გასახურებელ თამბაქოს.

ამასთან, განსაზღვრული ვადა (2022 წლის 1-ლი იანვარი), რომლის დადგომამდეც დასაშვებია თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსება პიქტოგრამის გარეშე, ხოლო გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია არ იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30%-ზე ნაკლებს, გაგრძელდება 2 წლით, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი, ბიზნეს ასოციაცია განმარტავს, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლები თანხმდებიან, რომ თამბაქო და ნიკოტინის ნაწარმი, რომელთაც არ უკავშირდებათ წვის პროცესი, განსხვავდებიან ტრადიციული სიგარეტებისგან, ან თამბაქოს ნაწარმისგან, რომლებიც განკუთვნილია მოსაწევად, რის გამოც ისინი ტრადიციული სიგარეტებისგან განსხვავებულად უნდა დარეგულირდნენ. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი კი, ერთნაირად არეგულირებს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმს, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის 2014 წლის დირექტივისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების შიდა კანონმდებლობისგან.

“საქართველოს ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული თამბაქოს ინდუსტრია მოქცეულია იმგვარი რეგულატორული წნეხის ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება თავად ევროკავშირში არსებულ სტანდარტებსაც კი, ეს კი ქმნის საფრთხეს, არარეგალური პროდუქცია კიდევ დაბრუნდეს ბაზარზე, რაც თავის მხრივ მომხმარებლის მიერ საეჭვო წარმომავლობის, უხარისხო თამბაქოს ნაწარმის მოხმარების ზრდას და საბიუჯეტო შემოსავლების კლებას გამოიწვევს“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.  

განმარტებისთვის, თამბაქოს ახალი ნაწარმის მოხმარებისას არ ხდება თამბაქოს წვა და არ გამოიყოფა კვამლი. 

გასახურებელი თამბაქო კი, განკუთვნილია მხოლოდ გახურების გზით მოხმარებისთვის. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები