ბიზნესი
01/10/2020

BAG: ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა გავლენას იქონიებს საწვავის ბაზარსა და ეკონომიკაზე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ლარის გაცვლითი კურსის გარშემო უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისათვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ყველასათვის ცნობილია, რომ საწვავის ფასს განაპირობებს საერთაშორისო ბაზრის ფასისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ერთობლიობა. ლარის გამყარების დინამიკა საშუალებას მისცემს სანავთობო ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებს შეინარჩუნონ საწვავის სარეალიზაციო ფასი არსებულ ნიშნულზე. ეს კი ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს - ერთის მხრივ საზოგადოების მოლოდინი რომ არ გაძვირდეს საწვავი, ხოლო, მეორეს მხრივ, ნავთობკომპანიების სურვილი - საწვავის ფასი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თითოეული მომხმარებლისათვის.

"იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება, რაც ბიზნესის ყველა სფეროში განამტკიცებს სტაბილურობის განცდას და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ.

Businesspartner