ბიზნესი
22/06/2020

BAG: შრომის კოდექსში ცვლილებებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რჩება  პრინციპული საკითხები, რომელსაც ასოციაცია მხარს არ უჭერს

სართველოს ბიზნეს ასოციაცია იმ საკითხებს განმარტავს, რომელზეც შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის ავტორებთან უკვე შედგა კომპრომისული შეთანხმება, თუმცა ასევე რჩება პრინციპული საკითხები, რომელსაც ასოციაცია მხარს არ უჭერს.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, „ბიზნესსექტორთან, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებთან, დასაქმებულებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან ინტენსიური კომუნიკაციისა და ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის დეტალური ანალიზის შედეგად შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტში გამოიკვეთა ის არსებითი პრობლემები, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ ბიზნეს გარემოზე.

ამასთან, მისასალმებელია, რომ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე შედგა კომპრომისული შეთანხმება, კერძოდ:

ნორმირებული სამუშაო საათების შემცირება - დარჩა არსებული რედაქცია ნორმირებული სამუშაო საათები, პირველადი შემოთავაზებული ცვლილებებით, ნაცვლად დღეს სექტორების დიდი ნაწილისათვის არსებული 48 საათიანი სამუშაო კვირისა, პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე მცირდებოდა 40 საათამდე. თუმცა, კოდექსის ავტორებთან და საქართველოს მთავრობასთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად შედგა კომპრომისული შეთანხმება, რომელიც გულისხმობს დღეს არსებული ჩანაწერის დატოვებას და გამონაკლისი სექტორების ჩამონათვალის შესახებ საქართველოს მთავრობასთან შემდგომ მოლაპარაკებას.

მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება - ამოღებულია პროექტიდან.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არაერთხელ მიუთითებდა, რომ განვითარებად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შემოღებას, უკეთეს შემთხვევაში, არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებზე, უარეს შემთხვევაში კი (რისი არაერთი მაგალითიც არსებობს) - მინიმალური ხელფასის შემოღება, პირველ რიგში, აზარალებს შრომის ბაზარზე ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს: დაბალკვალიფიციურ, დაბალშემოსავლიან დასაქმებულებს და სამუშაოს მაძიებლებს.შესაბამისიასად, მისასალმებელია, რომ პროექტის ავტორებმა გაიზიარეს აღნიშნული გარემოება და კომპრომისის სახით ამოიღეს მინიმალური ხელფასის შესახებ ჩანაწერი კოდექსის ცვლილებათა პროექტიდან.

მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, კვლავ რჩება ორი პრინციპული საკითხი, რომელზეც ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გაგრძელდეს დიალოგი, კერძოდ: ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა.

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტის სახით ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტის დადგენა, განსაკუთრებით, ნორმირებული სამუშაო დროის შემცირების პირობებში, პირდაპირპროპორციულად აისახება ნებისმიერი კომპანიის ხარჯებზე და, აქედან გამომდინარე, მათ მიერ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების ფასებზე. გარდა იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული არცერთი ვალდებულება არ ითვალისწინებს ამგვარი ლიმიტის დაწესებას, თავად ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში (მაგალითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესპანეთი), ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა კანონმდებლობით განსაზღვრული არაა და ის სრულად არის დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე; რიგ ქვეყნებს კი, ეს საკითხი იმგვარად აქვთ მოწესრიგებული, როგორც შრომის კოდექსის დღეს არსებულ რედაქციაშია, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები უნდა ანაზღაურდეს ნორმირებული სამუშაო საათის გაზრდილი ოდენობით.ისევე, როგორც ნორმირებული სამუშაო დროის შემცირების შემთხვევაში, ამ ცვლილების განხორციელების შედეგად კომპანიებს მოუწევთ ხელოვნურად შტატების დაყოფა, რაც გამოიწვევს უკვე არსებული დასაქმებულებისათვის ფიქსირებული ხელფასის შემცირებას და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ზრდას.

შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება.

შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პრაქტიკაა თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც, ზოგიერთ მათგანში შრომის ინსპექციის მანდატით ძირითადად დაფარულია შრომის უსაფრთხოების სფერო, შრომით უფლებებს კი შრომის ინსპექცია შეზღუდულ ფარგლებში აკონტროლებს (იძულებითი შრომა, არალეგალური შრომა, სამუშაო საათები, ბავშვთა შრომა და სხვა მსგავსი საკითხები). ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელი გაფართოვება, მიზანშეუწონლად გაზრდის ბიზნესზე ადმინისტრაციულ წნეხს და შრომის ინსპექციას მისი ძირითადი ფუნქციებისაგან დააშორებს. შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნებისათვის მთავარი პრობლემა ჩვენი აზრით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის არასაკმარისი მექანიზმებია, ამ პრობლემას კი ინსპექცია ვერ აღმოფხვრის. მოსალოდნელია, რომ ინსპექცია გახდება მხოლოდ დამატებითი რგოლი, ადმინისტრაციული ბარიერი, რომლის გადაწყვეტილებების უკვე სასამართლოში გასაჩივრებას და, შესაბამისად, დავის გადაწყვეტას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ახლა.ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარებას და წახალისებას, რაც პირველ რიგში ისევ ცივილური, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი ბიზნესის, დამსაქმებლების ინტერესებში შედის.თუმცა, გასათვალისწინებელია ის ახალი რეალობა, როდესაც ხდება ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა: ქვეყნის ეკონომიკა COVID19-ის სახით უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა და ამ გამოწვევის დაძლევა ცალკეული ნაბიჯის, რეგულაციის თუ მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის საგულდაგულოდ გათვლას, გააზრებას და გაანგარიშებას მოითხოვს. შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც გამოთქვამს მზადყოფნას მსგავსი განხილვა ბიზნესის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით წარიმართოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მზადოფნას, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ და დავხვეწოთ დღეს არსებული მექანიზმები, რათა დასაქმებულებმა შეძლონ მათი უფლების დარღევევის შემთხვევაში დავის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმებით სარგებლობა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები