ბიზნესი
25/05/2022

ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლებს 1-ელი ივნისიდან ახალი ვალდებულება ეკისრებათ

ბატარეებისა და აკუმულატორების, საბურავებისა და ელექტრომოწყობილობების მწარმოებლებს პირველ ივნისამდე ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაცია მოუწევთ, პირველი ივლისიდან კი იმპორტიორები და დისტრიბუტორები რეგისტრაციის გარეშე ბაზარზე პროდუქციის განთავსებას ვეღარ შეძლებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული პროდუქციის (ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები) მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან შეხვედრა გამართა.

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულების მიზნით, 1-ელი ივნისიდან, მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტი  შედის ძალაში, რაც გულისხმობს, რომ  მგვ-ს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა 1 ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, ხოლო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აეკრძალება იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

ჯერ კიდევ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში, აქტიურად ვთანამშრომლობდით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ვითვალისწინებდით მათ შენიშვნებსა და წინადადებებს. ვფიქრობ, კომპლექსური მიდგომებით, უდავოდ მივიღებთ პოზიტიურ შედეგებს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ტვირთად არ დააწვება და, ამავდროულად, ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტიან წარმართვაში მწარმოებლები პასუხისმგებლობას იგრძნობენ.

 

 

Businesspartner