ბიზნესი
14/08/2020

“ბათუმი რივიერას“ მშენებლობის განახლება პანდემიის დასრულებაზეა დამოკიდებული

„მშენებლობის განახლება პანდემიის დასრულებაზეა დამოკიდებული.ამ ეტაპზე პროცესი დაპაუზებულია. მართალია სამშენებლო პროცესი ქვეყანაში განახლდა, თუმცა, ჩვენ მაინც ველოდებით იმას, რომ ბიზნეს ატმოსფერო გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გოგა კაპანაძემ განუცხადა.

მისი  ინფორმაციით, თუ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა და მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე განაახლა, პროექტი მაშინ დასრულდება, როცა დაანონსებული იყო, ანუ 2022 წელს. თუმცა, თუ  სამშენებლო პროცესი მომავალ წლამდე ვერ განახლდა,პროექტის დასრულება 2023 წლამდე გადაიწევს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ფართობზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი პარკის განაშენიანება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი. „სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია.

„ბათუმი რივიერა“ არის 15 სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს 284ბინას. პირველ და ბოლო სართულებზე განთავსდება 40 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო.იგეგმება კაფეების, რესტორნების და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობაც.

ბათუმი რივიერას“ მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია „ბათუმის იახტ კლუბია“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას, მინიმუმ, 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე, იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.

Businesspartner