ბიზნესი
20/10/2020

ბათუმში “ალიანს ცენტროპოლისი” გაიხსნება - როგორი იქნება "ალიანს ჯგუფის“ ახალი პროექტი

დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ ბათუმში “ალიანს ცენტროპოლისს” 2024 წლის ბოლოს გახსნის. საუბარია, ბათუმში, ე. წ ლუჟკოვის სახლზე, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ მოსკოვის ყოფილ მერს აუშენა. „ალიანს ჯგუფში“ აცხადებენ, რომ კომპანიამ ობიექტი შეისყიდა, მოხდა მისი დემონტაჟი და მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის დროს, აპრილ-მაისში დაიწყო.

როგორც „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თემო ბიწაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი უნიკალური რეგიონული ჰაბია, რომელიც ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ფეხი აუწყონ ბიზნესის განვითარების ტემპს და გახდნენ გლობალური პროექტის ნაწილი.

 

“ალიანს ცენტროპოლისი” აერთიანებს 5*-იანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსა და კაზინოს, მასში განთავსდება პირველი WTC საგამოფენო ცენტრი რეგიონში; მოიცავს ასევე საინვესტიციო აპარტამენტებს და A კლასის ბიზნესცენტრს (რომელიც ბათუმში არ არის) და A კლასის სავაჭრო ცენტრს.

როგორც ბიწაძე აცხადებს, 5 ვარსკვლავიან საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკებები დასრულებულია, თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებამდე მისი იდენტიფირება ვერ მოხდება.

პროექტი მოიცავს 10 000 კვ.მ სარეკრეაციო ზონას, 3 დონიან მიწისქვეშა პარკინგს, უმაღლესი კლასის რესტორნებს და ბარებს, გასართობ ცენტრს და კინოთეატრს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, საცურაო აუზებს.

ამ ეტაპზე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 380 მლნ დოლარია, თუმცა მისი საბოლოოლ ჯამური ღირებულება 450-470 მლნ დოლარი იქნება. ბიწაძის განცხადებით, პროექტში საფინანსო პარტნიორი „საქართველოს ბანკია“.

„პროექტის ჯამური ღირებულება გაიზრდება, რადგან აღნიშნულო თანხაში არ შედის სარემონტო სამუშაოების ხარჯი. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის საბოლოო ღირებულების კალკულაციებზე,“-აცხადებს ბიწაძე.

მისი ინფორმაციით, პროექტის დასრულება  2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება. სამშენებლო ფართი 410 000 კვადრატულ მეტრია.

Businesspartner