ბიზნესი
10/06/2021

ბათუმში კრაფტული პროდუქტების პირველი მაღაზია "აგრომანია" გაიხსნა

კომპანიამ “აგრომანია“ ბათუმში პირველი კრაფტული პროდუქტების მაღაზია გახსნა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მალხაზ ბაბლუანმა „ბიზნესპარტნიორს“  განუცხადა, მაღაზია პანდემიის პერიოდში გაიხსნა და დღეს ბათუმში საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს.

„ჩვენთან წარმოდგენილია 40-მდე მცირე მეწარმის მიერ წარმოებული პროდუქცია. ეს მცირე წარმობები მსხვილ ქსელურ მარკეტებში თავიანთი მცირე წარმადობის გამო არ არიან წარმოდგენილი. ჩვენს ქსელში სხვა ქსელებთან შედარებით პროდუქცია ძვირია, რადგან ყველაფერი ხარისხიანი, ნატურალური და განსაკუთრებულია," - აცხადებს ბაბლუანი.

„აგრომანიაში“ წარმოდგენილია ისეთი პროდუქცია როგორიცაა: მესხური ტენილი, თიანეთის დამბალხაჭო, სვანური ნარჩვი, ალვანის გუდა, დავარგებული თხის ყველი ცაგერიდან, ქერქიანი და ობიანი ყველის მრავალფეროვანი არჩევანი, თხის ახალი რძე და ყველი, ძეხვი და სუთი, ნახევრად ველური სვანური და კახური ღორის ლორი, საუკეთესო ქართული და ევროპული ტექნოლოგიებს შერწყმით დამზადებული, ცივი და ცხელი გამოხდის მზესუმზირის ზეთი,პრემიუმ ხარისხის შავი და უნიკალური თეთრი ჩაი, ცაცხვის და სხვადასხვა სასარგებლო ბალახების "ჩაი", ტკბილეული, ჩირები, ქართული ენდემური ხორბლის ფქვილი და ამავე ფქვილებისგან დამზადებული უსაფუარო პური, ძმარი და სხვადასხვა ბალახეულის ნაყენი, ღვინოები მცირე მარნებიდან, სანებლები სვანეთიდან და სხვა ბევრი საინტერესო ნატურალური ადგილობრივი წარმოების პროდუქტები.

ბაბლუანის თქმით, კომპანია ცდილობს მთელი საქართველოს მასშტაბით იპოვოს ახალი, საინტერესო და ჯანსაღი პროდუქტების მწარმოებელი ოჯახები და მცირე მეურნეობები.

როგორც ბაბლუანი აცხადებს, "აგრომანიის" თითოეული მომწოდებელი არის უნიკალური პროდუქტის მწარმოებელი, ისინი გამოირჩევიან უნიკალური ცოდნითა და გამოცდილებით, მოწესრიგებული საწარმოო ციკლით და რაც მთავარია, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, რათა მომხმარებლამდე მივიდეს სუფთა, ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტი.

ბაბლუანი „ბიზნესპარტნიორთან“ განვითარების გეგმებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ კომპანია ზაფხულში ბათუმში კიდევ ერთ მაღაზიას გახსნის. ქსელის გააფართოება იგეგმება თბილისშიც. "აგრომანიის" გახსნა სექტემბერში ვაკე-საბურთალოზე იგეგმება.

ბაბლუანი ამბობს, რომ  კომპანია 1 მაღაზიის გახსნაში საშუალოდ 10 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. 

 

Businesspartner