ბიზნესი
01/05/2021

"ბებოს ჩირი" - პანდემიის დროს შექმნილი კომპანია მომხმარებელს 20 სახეობის ჩირს სთავაზობს

“ბებოს ჩირი“ პანდემიის დროს შექმნილი კომპანიაა და ის უკვე მომხმარებელს 20 სახეობის ჩირს სთავაზობს.

“ბებოს ჩირი“ დუშეთის მაღალმთიან სოფელში იწარმოება. ნედლეულს კომპანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აგროვებს. თითოეული თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებულად მუშავდება და შემდეგ თავსდება საშრობ კამერაში.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი ქეთევან ჯინიაშვილი ამბობს, “ბებოს ჩირის“ შრობის ტექნოლოგია გამოირჩევა ინფრაწითელი სხივით, რომელიც კიდევ დამატებით გარანტიაა რომ ნაყოფმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები და მინერალები.

„ჩემი წამოწყების მიმართ პესიმისტური პროგნოზები კეთდებოდა, უკვირდათ, რატომ ავირჩიე სფერო, რომელშიც უკვე არაერთი პროექტი განხორციელებულა. ვხედავ, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ამ დარგში და რამდენად ბევრი სიახლის შეთავაზებაა შესაძლებელი. ჩვენთვის მთავარია, ჩირი იყოს გამორჩეული გემოვნური თვისებების და თავი შეაყვაროს მასაც, ვინც ჩირის აქტიური მომხმარებელი არ არის.

ამასთან, ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქტით, სოფლად, მზეზე გამომშრალი ხილის შემთხვევაში ქართული ჯანსაღი პროდუქტია, მაგრამ ვერ ენდობი, მისი შრობის წესების დაუცველობის გამო. ხოლო, ქართული ჩირის მწარმოებლები, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ, საკმაოდ მწირ ასორტიმენტს გვთავაზობენ. შესაბამისად, გამიჩნდა ამ დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა. როგორც ყველა ქართველს, ასევე მეც, ბებოს სითბოს და მზრუნველობას მახსენებს ჩირი, ამიტომ, ბევრიც აღარ მიფიქრია სახელზე,“ – აღნიშნავს ქეთევან ჯინიაშვილი.

„ბებოს ჩირის“ წარმოება გასული წლის მაისში დაიწყო და ამ ეტაპზე, მომხმარებლებს 20 სახეობის პროდუქტს სთავაზობს, მათ შორის, გარგარის, ბიო მაყვლის, კივის, გრეიფრუტის, ვაშლის, მსხლის ჩირს, ბოსტნეულის ცუკატებს სხვადასხვა არომატით, ასევე, მხოლოდ ნაყოფისაგან შემდგარ კენკრის ნაკრების ჩაის და ა.შ. კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში 12 ტონა ნედლეულის გადამუშავება შეძლო. 

„მცირე საწარმო ავაშენე და აღვჭურვე საკუთარი სახსრებით, ახლა მას სჭირდება გაფართოება და მეტად განვითარება. ჯერჯერობით ჩვენი პროდუქციის რეალიზდება მხოლოდ თბილისსა და ბაკურიანში. ამ ეტაპზე ორიენტირებულები ვართ ქართული ბაზრის ათვისებაზე, თუმცა სამომავლო გეგმებში მოიაზრება ექსპორტიც. ამ კუთხით არაერთი გამოხმაურება გვქონია. აუცილებლად განვაგრძობთ წარმოების პროცესის გაუმჯობესებას და ნებისმიერ დახმარებას მივიღებთ რათა უკეთ და სწრაფად მოვახდინოთ ზრდა.“–ამბობს „ბებოს ჩირის“ დამფუძნებელი.

პირველ ეტაპზე პროექტში განხორციელებული კერძო ინვესტიცია 30 000 ლარს შეადგენს.

მეწარმეთა პოპულარიზაცია ხორციელდება "ბიზნესპარტნიორის" მიერ მეწარმეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

Businesspartner