ბიზნესი
11/11/2020

Bene Exclusive: შევძელით ახალ რეალობაზე გადაწყობა და აქცენტი ადგილობრივ მომხმარებელზე გავაკეთეთ

Bene Exclusive–ის მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფი საგანელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ პანდემიის პირველი ტალღის დასაწყისი, ყველასათვის შოკისმომგვრელი და უჩვეულო იყო, თუმცა კომპანიის შეუფერხებელმა სამუშაო პროცესმა და თანაგუნდელების ენთუზიაზმმა ალტერნატიული გზების მოძიება განაპირობა.

„ჩვენმა გუნდმა გაიაზრა, რომ სწორედ ამ ვითარებაში საჭირო იყო განსაკუთრებული მობილიზება, სწორედ ეს სიტუაცია იყო უდიდესი გამოწვევა და ვფიქრობ, გუნდმა საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი. შევძელით ახალ რეალობაზე გადაწყობა და ძირითადი აქცენტი შიდა ვიზიტორებზე გავაკეთეთ. შევეცადეთ საფასო პოლიტიკის მნიშვნელოვნად მორგება ადგილობრივ ბაზარზე, რათა სერვისი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო,“– ამბობს სოფი საგანელიძე.

Bene Exclusive–ის წარმომადგენლის თქმით, პანდემიამ სრულად შეცვალა რეალობა და ოპერირების გაგრძელება ცვლილებების გარეშე შეუძლებელი გახდა.

„ბაზარზე დაკვირვებით, მალევე შევძელით პრიორიტეტული სეგმენტის გამორჩევა, ეს გახლდათ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, რომელთა ტრანსპორტირებას ვახორციელებდით ყველა დადგენილი სტანდარტისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. მრავალფეროვანი ავტოპარკის წყალობით შევძელით შეღავათიანი ტარიფის შეთავაზება პარტნიორი კომპანიებისათვის. სხვაგვარად ვერც მოვიქცეოდით, ვინაიდან ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საერთო ბიზნეს გარემოსათვის, კომპანიების ერთად დგომა და მხარდაჭერა,“ – აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

Bene Exclusive–ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია 50-მდე ავტომობილით, რომელიც  მუდმივად განახლებადია და თითოეული ავტომობილის გეგმიური ტექნიკური დათვალიერება ხორციელდება მწარმოებელთა მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. თითოეული ავტომობილის სიჩქარე და ადგილმდებარეობა კონტროლდება GPS სისტემით, სათაო ოფისის მიერ. გუნდი დაკომპლექტებულია მძღოლებით, რომელთაც გავლილი აქვთ უსაფრთხოების ტრენინგები და მკაცრად იცავენ რეგლამენტს.

შეგახსენებთ, რომ Bene Exclusive-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვარა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ექსკლუზიურად სწორედ Bene Exclusive-ის ავტოტრანსპორტი მოემსახურება, თუმცა თავად მგზავრს ღამის საათებში გადაადგილებისათვის საჭირო ნებართვა უნდა ჰქონდეს.

როგორც ცნობილია, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. შესაბამისად ღამის საათებში აეროპორტში მოხვედრა შეუძლებელი ხდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები