ბიზნესი
25/03/2023

"ბესტია" მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას შესთავაზებს

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ბესტია“ ბაზარზე დაბრუნდა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ბრენდის დამფუძნებელმა, მარიამ თედიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბრენდი პროდუქციის რეალიზაციას  ონლაინ გაყიდვების საშუალებით ახორციელებს. ფასები კი არსებულ კოლექციაზე 80 ლარიდან იწყება და 180 ლარამდე მერყეობს.

„ბაზარზე სულ რაღაც ერთი თვეა რაც დავბრუნდით და წინა წლების ფასების მონაცემებს ვერ შევადარებ, ვინაიდან მაშინ სხვა ასორტიმენტი და ფასები გვქონდა. ამ ეტაპზე ფასების ზრდას არ ვფიქრობთ, რადგან გვინდა ჩვენი მომხმარებლისთვის პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს,"- აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.

„ბესტია“ ნედლეულს ანუ ქსოვილს საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს და კოლექციას ადგილობრივ ბაზარზე ამზადებს და ონლაინ ყიდის. 

ამ ეტაპზე ბრენდი მაღაზიის გახსნას არ გეგმავს, თუმცა, კოლექციის გაფართოებასა და გამოფენა-გაყიდვის მოწყობას განიხილავს.

ცნობისთვის, ბრენდი ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში, 2020 წელს შეიქმნა,თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ფუნქციონირება შეწყვიტა.

წელს „ბესტია“ ბაზარზე მრავალფეროვანი ასორტიმენტით დაბრუნდა. კომპანია ნახატებითა და ლოგოებით გაფორმებულ ტანსაცმელებსა და აქსესუარებს გვთავაზობს, როგორებიცაა მაისურები, ჰუდები, შარვლები, პულოვერები, პანები, ჩანთები თუ კაშნეები.

ახალ კოლექციაში კი „ბესტია“ მომხმარებელს საცურაო კოსტიუმებისა და საზაფხულო კოლექციის ხაზს შესთავაზებს.

 

Businesspartner