ბიზნესი
09/06/2022

"ბილიკი" ივნისის ბოლომდე პოლონეთის და სომხეთის ქვეყნების ბაზარზე შესვლას გეგმავს

კომპანია "ბილიკი" ტურისტული მარშრუტების ციფრულ ვერსიას პოლონეთსა და სომხეთში ივნისის ბოლომდე გაყიდის. "ბილიკის" თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ პროექტის განხორციელება აქამდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა პროცესი მცირედით შეაფერხა.

პროდუქტი ეხმარება, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განათავსონ და გაყიდონ საკუთარი ტურები, სრულიად უფასოდ და  თითოეული გაყიდული ტურიდან დამატებითი შემოსავალი მიიღონ.

"ბილიკის" თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ აპლიკაცია მოგზაურებს ხელს უწყობს სწრაფად მიიღონ მათთვის სასურველი ტურისტული ინფორმაცია, ამავდროულად ეხმარება ტურისტულ ბიზნესს, რათა  პოტენციურ მომხმარებლებს მარტივად დაუკავშირდნენ.

„გვაქვს მოლაპარაკებები ტურისტულ კომპანიებთან, გიდებთან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გვაქვს გათვლა, მათ შორის, ბალტიისპირეთზე, სადაც საქართველო  საკმაოდ ცნობილია  და კარგი სახელი აქვს.  ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა მათთვის ქართული პროდუქტის გამოყენება.

კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს ბულგარეთსა და რუმინეთთან, ვმუშაობთ შუა აზიაზეც. გვინდა, 2023 წლისთვის ფეხმოკიდებულები ვიყოთ ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში,“ - აცხადებს ცირამუა.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის „ბილიკს“ ძირითადი შემოსავალი სარეკლამო მიმართულებიდან აქვს, უახლოეს მომავალში კი კომპანია თანხებს ტურების გაყიდვებიდან შემოსული საკომისიოდან მიიღებს.

ამ დროისთვის „ბილიკს“ 1100-მდე რეგისტრირებული  კომპანია ჰყავს. მათ შორის, სასტუმროები, რესტორნები, ღვინის მარნები.

როგორც ცირამუა აცხადებს, „ბილიკი“ ფინანსების მობილიზებისთვის ვენჩურულ ფონდებთან და ენჯელ ინვესტორებთან მუშაობს. „ორივე მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დაინტერესებაა რამდენიმე ქვეყნის ინვესტორებისგან, როგორც აშშ-დან, ისე ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. პარიზში შედგება სტარტაპ ღონისძიება, სადაც 50-მდე ინვესტორს შევხდებით,“-აცხადებს ცირამუა.

შეგახსენებთ, აპლიკაცია „ბილიკი“ საქართველოს ბაზარზე 2020 წლის თებერვლიდან ოპერირებს.

Businesspartner