ბიზნესი
14/10/2020

Biodiesel Georgia-მ 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა

Biodiesel Georgia-მ არსებობის 2-წლიან პერიოდში 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა. ბიოსაწვავი მოხმარებული საკვები ზეთის გადამუშავების შედეგად მიიღება და წარმოების შედეგად მნიშევნელოვნად იზოგება CO2-ის ემისია ატმოსფეროში.

კომპანიის გენერალური დირექტორი მურმან პატარაია "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ წლების განმავლობაში კომპანიამ ბიოსაწავასის წარმოების გარდა, ცნობადობის ასამაღლებლად არაერთი კამპანია ჩაატარა და ამ მხრივ გარკვეული კულტურა ჩამოაყალიბა.

„ჩვენი ნედლეული მეორეული ზეთია, რომლის უტილიზაცია არ ხდებოდა. საქართველოში შეგროვებული ზეთი სოფლის მეურნეობასა და ცხოველთა კვებაში გამოიყენებოდა. ეს არის კანცეროგენი, რომელიც საჭიროებს გადამუშავებას. არ შეიძლება საკანალიზაციო ქსელში ან ნიადაგში ჩაღვრა. რიგ ქვეყნებში ეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც კი ისჯება. შესაბამისად, ქვეყანაში უტილიზატორის არსებობა თავისთავად კარგი ნაბიჯია. მოვახერხეთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგვეკეთებინა ლოჯისტიკა. საწარმო 200 ტონამდე ბიოსაწვავის გადამუშავების შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა ახლა 40%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 500 000 ლიტრამდე ბიოსაწვავი ვაწარმოეთ. ცხადია, საწყის ეტაპზე გვაქვს შედეგები, არის დაინტერესებული კონკრეტული სეგმენტი, რომელიც ყიდულობს ბიოსაწვავს და ჩვენი მომხმარებელია,“ – აღნიშნავს მურმან პატარაია.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი განახლებადი ენერგიების შესახებ, სადაც კონკრეტული სამოქმედო გეგმაა გაწერილი. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ტრანსპორტის ნაწილში განახლებადი ენერგიების წილი 2020–2030 წლისთვის 9%–ს უნდა აღწევდეს.

„ჩვენი მიზნები მასშტაბურია, რაც გულისხმობს იმას, რომ საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ მთავრობასთან. სამომავლოდ ბიოდიზელის შერევა ნავთობდიზელში, მისი გაუმჯობესება ეკონომიკური კუთხით, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით უნდა გახდეს სავალდებულო. საერთო ჯამში ეს იქნება ჰარმონიზაციის პროცესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და არსებულ მიდგომებთან მიმართებაში,“ – ამბობს Biodiesel Georgia-ს გენერალური დირექტორი.

Biodiesel Georgia-ს წარმოებული ბიოსაწვავი სხვადასხვა ქსელში B10 მარკის სახით იყიდება.

კომპანიამ საწარმოს განვითარებაში 1 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო.

B10 – ბიოდიზელი ძირითადი პარამეტრებით აღემატება ნავთობდიზელს. გარდა ამისა, მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იგი მიღებულია ბიორესურსებისგან, ანუ არის განახლებადი, ეკოლოგიურად ყველაზე გამართლებული, სუფთა საწვავი. ამავდროულად ის არ შეიცავს მძიმე ლითონებს და მისი გამოყენების შედეგად ატმოსფერო არ ბინძურდება ტყვიით, გოგირდის ორჟანგით, სხვადასხვა კანცეროგენებით თუ სხვა მავნე მინარევებით.

Businesspartner