ბიზნესი
02/06/2021

"ბიოლის" დამფუძნებელი ველნეს ინსტიტუტისთვის თანაინვესტორის შერჩევას გეგმავს

სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ველნეს ინდუსტრიის განვითარებას საგანმანათლებლო მიმართულებითაც გეგმავს.

ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 2-3 წელში ქვეყანას ველნეს თერაპევტების მოსამზადებელი ინსტიტუტი ექნება, სადაც დაინტერესებულ პირებს მაგისტრატურის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ველნესის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკებს „ბიოლში“ გაივლიან.

მისი განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა საფინანსო კომპანიასთან, მათ შორის, კომპანია Ernst & young-თან კონცეფციის მოსამზადებლად.

„ეს იქნება 2 წლიანი მაგისტრატურის კურსი მედიცინის სპეციალისტებისთვის. ამჟამად დაგეგმარების პროცესი მიდის. ინვეტიციის ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუმცა საწყის ეტაპზე პროექტში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. აქედან ნაწილი „ბიოლის“, ნაწილი კი უცხოური კაპიტალი იქნება. თანაინვესტორების შესარჩევად საერთაშორისო კონკურსსაც გამოვაცხადებ,“-აცხადებს მჭედლიძე.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნივერსიტეტებთან, რათა მათი სამედიცინო ბაზის გამოყენებით მოხდეს ველნეს თერაპევტებისთვის სასწავლო კურსის გავლა.

„ინსტიტუტის ნაწილი იქნება კოჯორში, ბიოლის ლოკაციაზე, მეორე ნაწილი კი რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში,“ - აცხადებს მჭედლიძე.

შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" მშენებლობა კოჯორში 2013 წელს დაიწყო. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური უზრუნველყოფს.

კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.

თამაზ მჭედლიძე რუსეთში კლინიკების ქსელი „მედის“ მფლობელიცააა.

Businesspartner