ბიზნესი
23/02/2023

"ბიოლის" ტერიტორიაზე ახალი კოტეჯების აშენება იგეგმება

„ბიოლის“ ტერიტორიაზე ახალი კოტეჯების აშენება იგეგმება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საერთო ჯამში ადგილზე 60 კოტეჯი უნდა განთავსდეს. ამ მიმართულებით კომპანია დამატებით 40 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

„აქტიურად ვმუშაობთ ტერიტორიის განვითარების გეგმებზე. ჯერ-ჯერობით 13 ველნეს კოტეჯი გვაქვს, რაც ძალიან ცოტაა ჩვენი ბიზნესისთვის.

გვინდა ეს რიცხვი 60-მდე გავზარდოთ. ესაა ჩვენი უახლოესი 5-წლიანი და ბოლო გეგმები ამ სივრცის ათვისებასთან დაკავშირებით. მეტად „ბიოლის“ არსებული ტერიტორია ვერ განაშენიანდება.

ეს იქნება ადგილი ლაქშერი სტუმრებისთვის, ძალიან ექსკლუზიური მაღალგადახდისუნარიანი ვიზიტორებისთვის,“-აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიას ამ ეტაპზე სხვა მიმართულებით არსებული გეგმები დაპაუზებული აქვს.

„ჯერ სხვა პროექტებს ვერ ვგეგმავთ, რადგან ეს ადგილია ასათვისებელი. ამ პროექტში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩავდებთ. ქართულ ველნესს მაქსიმალურად ვავითარებთ, იქნება ეს სამკურნალო მალამოები, ნაყენები, თუ სხვადასხვა სახის პროცედურები. მაგალითად, მედიცინაზე დაყრდნობით დავნერგეთ კოლხური მასაჟი, ქართული სახალხო ტრადიციების გამოყენებით, ეს ჩვენი ექსკლუზივია, რომელიც არავის არ აქვს.“-აღინშნა „ბიოლის დამფუძნებელმა.

შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის კოჯორში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური  უზრუნველყოფს.

კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო  კურორტის  პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.

თამაზ მჭედლიძეს საკუთარი კლინიკების ქსელი „მედი“ აქვს რუსეთში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები