ბიზნესი
31/01/2023

ბიზნესი კადრების დეფიციტზე: "ვაკანსიები არის, ხალხი - არა“

ქართული ბიზნესი 2023 წელსაც კადრების დეფიციტით იწყებს. სხვადასხვა სექტორში, მათ შორის: პურის, ავეჯის, მარწყვისა, თუ ტკბილეულის წარმოებაში, ბიზნესის ოპერირებისთვის ხელისშემშლელ მთავარ ფაქტორად, კვლავ ადამიანური რესურსის მოძიების სირთულე სახელდება.

პრობლემებია, როგორც კვალიფიციური კადრის, ისე მუშა-ხელის მოძიების პროცესში. ქართველი მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათ ვაკანსიები აქვთ, ანაზღაურებაც გაზარდეს, თუმცა დაინტერესებული პირები მაინც არ ჩანან. ბიზნესი ამის მთავარ მიზეზად ქვეყნიდან კადრების  გადინების დაჩქარებულ ტემპს და გაზრდილ მაჩვენებლებს ასახელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მარწყვის მწარმოებელი კომპანია "აგროსფეისის" თანადამფუძნებელმა ნუცა სალუქვაძემ  განუცხადა, მარწყვის ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების პოვნა იმდენად ჭირს, მათ უცხოური კომპანიების დაქირავება უწევთ იმისთვის, რომ სათბურში დასაქმებულები გადაამზადონ.

„მარწყვის მოყვანა ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, ამიტომ, დასაქმების მსურველების პოვნა ძალიან გვიჭირს. გარდა ამისა, რთულია დიდი გამოცდილების მქონე კადრის პოვნაც, რომელიც თანამშრომლებს გადაგვიმზადებს და მათ ცოდნას აუმაღლებს. ამიტომ, ამ კუთხით უცხოურ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ“, - განმარტავს ნუცა სალუქვაძე.

ამავე გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა ბუკიაც. „გვყავს საკმაოდ გამოცდილი გუნდი, თუმცა, როდესაც დამატებითი კადრების აყვანა გვჭირდება და ვაცხადებთ ვაკანსიას, გამოხმაურება დიდი არ არის. პანდემიის პერიოდიდან დღემდე, ძალიან გართულდა კადრების მოძიების საკითხი“, - აღნიშნა ანა ბუკიამ.

ადამიანური რესურსის დეფიციტის პრობლემაზე „ბიზნესპარტნიორთან“  ავეჯიის ინდუსტიის წარმომადგენლები და პურის მწარმოებლებიც საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ისინი მზად არიან, დაასაქმონ დამწყები პირები, რომელთაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ და ადგილზე შეასწავლონ საქმე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი დასაქმების მსურველთა რაოდენობა მიზერულია.  

 

Businesspartner