ბიზნესი
10/07/2020

ბიზნესის რელოკაციის პირველი შედეგები - ჩინური ინვესტიცია ხობში

ეკონომიკის სამინისტრო პანდემიის შემდგომ ბიზნესის რელოკაციის პირველ შედეგებზე აცხადებს.

სამინისტროს ცნობით, კომპანია „გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 300,000 კვ.მ. მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანას და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს.

პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.

„ხობში ჩინური ინვესტიციით პლატმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. განხორციელდება 50 მლნ ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. 

სამინისტროში „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებმა საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ ხობის მუნიციპალიტეტში პლასტმასის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნის და შემდეგ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოო სიმძლავრეების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები