ბიზნესი
16/09/2021

ბიზნესს "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება არ უღირს - მენაშენეთა ასოციაცია

“საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლება ბიზნესისთვის მიმზიდველი, მომგებიანი და საინტერესო არ არის.

მისი ინფორმაციით, ბიზნესს უღირს ის, რაშიც მოგებას იღებს.

„ჯერ ერთი, მოსახლეობასთან მოლაპარაკება, ჩემი გამოცდილებით, შეუძლებელია. მერიის თანამშრომელი რომ ელაპარაკება, საუბარს შედეგი აქვს თუ არა, მას ხელფასი მაინც ერიცხება, მე ან ჩემმა თანამშრომელმა რომ მოლაპარაკება ვაწარმოო და შედეგი მინიმალური იყოს (პირობითად, 3 წელში მოველაპარაკო 20 ოჯახს) თანამშრომელს ხელფასი ხომ უნდა გადავუხადო? ანუ მე რენტებელობის შედეგს ვერ ვიღებ. შემდეგ თუ მოველაპარაკე, იმ ბინებს გაყიდვა ხომ უნდა, არარენტაბელურია,“ - აცხადებს როსტომაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ინფორმაცით, "ხრუშჩოვკებისა” და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას მერია განახორციელებს. მისი თქმით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ბიზნესი აღნიშნული პროექტებით არ დაინტერესდა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, იმის გამო რომ ბიზნესისგან აღნიშნულ პროექტთან მიმართებით ინტერესი არ არის, პროექტს თავად მერია განახორციელებს. კალაძის განმარტებით, თბილისში ავარიული ხუთსართულიანი სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება.

 

 

Businesspartner