ბიზნესი
18/05/2022

"ბლაუენშტაინ საქართველომ" ღორის ხორცის წარმოება დაიწყო

ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“  ღორის ხორცის წარმოება დაიწყო.

როგორც  კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორმა თათია არაბიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პროდუქტი უკვე 1 თვეა კომპანიის საფირმო მაღაზიებში საკმაოდ წარმატებით იყიდება.

„ეს არის უმაღლესი ხარისხის ხორცი,ნატურალურად გამოყვანილი პროდუქტი, როგორც ეს ჩვენს კომპანიას სჩვევია. პროდუქტი ყოველგვარი ჰორმონის და ზრდის დამაჩქარებების გარეშე მიღებული. ეს არის სუფთა, ნატურალური, ნამდვილი ღორის ხორცი. გემოვნური თვისებებით დიდი სხვაობაა იმასთან, რაც დღეს ბაზარზე იყიდება. განსხვავებას  ნახავს კიდეც მომარებელი. ეს არის იმ კატეგორიის ხორცი, რომელიც ფართო მასებს არ ფარავს,“-აცხადებს არაბიძე.

მისი განცხადებით, „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მიერ წარმოებული ღორის ხორცი საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. იგეგმება თანამშრომლობა როგორც  HoReCa სექტორთან, ისე ყველა დაინტერსებულ მსხვილ მარკეტსა თუ კომპანიასთან.

არაბიძის განცხადებით, საფირმო მაღაზიების ღორის  ხორცით მომარაგება რაჭაში არსებული მეღორეობის ფერმიდან ხდება. ამ დროისთვის კომპანიამ 70 დედაღორი (ავსტრიულ-ინგლისური ჯიშის ნაჯვარი) შემოიყვანა. შედეგად, ახლა ფერმაში 1800 სულამდე ღორია. 

როგორც არაბიძე აცხადებს, დიდი მოთხოვნის პირობებში იგეგმება ფერმის გაფართოება და წარმოების გაზრდა.

პროექტი რაჭაში, სოფელ სორში, არსებული საქონლის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხორციელდება და მასში ამ დროისთვის 4 მილიონი ლარაის ინვესტიციაა განხორციელებული.

შეგახსენებთ, კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო 2009 წელს ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში, სოფელ შარდომეთში 18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიას თბილისში ორი საფირმო მაღაზია აქვს.

 

 

 

Businesspartner