ბიზნესი
14/01/2022

ბოტანიკური სასმელი "კაი" პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შევიდა

პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“  პოლონეთის და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე შევიდა.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 2021  წლის ბოლოს აღნიშნულ ქვეყნებში უკვე გავიდა მცირე პარტიები, თუმცა, განმეორებითი შეკვეთებიც აქტიურად მიმდინარეობს.

ჯერვალიძის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთთან, ბელორუსიასთან და კანადასთან და დიდი ალბათობით “კაის“ ექსპორტი ამ ქვეყნებშიც 2022 წლის ბოლომდე განხორციელდება.

„გამომდინარე იქიდან რომ სასმელი ჯანსაღია, ის მომხმარებელმა კარგად მიიღო. დადებითისკენ ბალანსი დიდია, ადგილობრივ ბაზარზე პოზიციებს ვიმყარებთ. რაც შეეხება კონკურენციას, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე ჩვენი პირდაპირი კონკურენტი არ არსებობს, მაინც მიმაჩნია, რომ უალკოჰოლო სასმელების ნებისმიერი მწარმოებელი ჩვენი კონკურენტია,“ - აცხადებს ერისთავი.

მისი განმარტებით, კომპანიას საწყის ეტაპზე დაგეგმილი ჰქონდა ბაზარზე 2%-იანი წილის დაკავება, თუმცა, ახლა წლის ბოლომდე გათვლა 8%-მდეა.

გამაგრილებელი სასმელი ქართველი  მეცნიერების მიერ შემუშავებული ფორმულით შეიქმნა და ალპური კავკასიონის 16 მცენარისგან არის დამზადებული. გაზირებული-გამაგრილებელი სასმელის წარმოება პანდემიის პერიოდში, 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

პროექტის საინვესტიციო  ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარია. საწყის ეტაპზე კომპანია 50 ადამიანს ასაქმებს. „შეცვალე ქიმია ბოტანიკით“ ბრენდის მთავარი დევიზია და ეტაპობრივად ბაზარს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. ამჟამად „კაის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება. 

„კაის“ მწარმოებლების განმარტებით,  პროდუქტი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. 

 

 

 

Businesspartner