ბიზნესი
03/02/2023

ბულგარული მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანია "პარსეკ ჯგუფი" საქართველოს ბაზრით დაინტერესდა

„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ განვითარებულია პოსტსოციალისტური, მოძველებული ინფრასტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნებზე ადაპტირების  კულტურა. ჩვენი ინტერესი სწორედ ამ გამოცდილების გაზიარების სურვილმა გამოიწვია და დღეს უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბულგარული, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული სამშენებლო კომპანია, „პარსეკ ჯგუფი“,  რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს ბაზარზე ოპერირებით“, - ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში აღნიშნა ბიზნესმენმა ზურაბ დუმბაძემ, რომელიც „პარსეკ ჯგუფის“ საქართველოში წარმომადგენლობას ჩაუდგება სათავეში.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ბულგარული კომპანიის აქციონერთა და მენეჯერთა საქართველოში ვიზიტი კომპანიის დირექტორის კონსტანტინე ბოჟიკოვის ხელმძღვანელობით. ვიზიტისას, ქვეყნის ინფრასტრუქტურული გამოწვევების ადგილზე უკეთ გაცნობის მიზნით, შედგება შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში თუ ცენტრალურ უწყებებში.

როგორც დუმბაძე აღნიშნავს, „პარსეკ  ჯგუფის“ საქმიანობის არეალი კერძო და საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის პროექტირებას, მშენებლობას, დიზაინს, ასევე  კულტურული ძეგლების სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებს მოიცავს.

კომპანია სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ფლობს შემდეგ სერტიფიკატებს: ISO 9001:2015 – ხარისხის მართვის სისტემა; ISO 14 001:2015 – გარემოსდაცვითი მართვის სისტემა; ISO 45 001:2018 – შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემა; ISO 3834-2:2005 – მეტალის მასალების შედუღების ხარისხის სისტემა.

თითოეული ეს სერტიფიკატი აკმაყოფილებს ხარისხის ფართო მოთხოვნები შემდეგი მიმართულებებით: დიზაინი; ინჟინერია; ზოგადი სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება; კონსერვაციისა და აღდგენის სამუშაოები; მაღალსართულიანი და სამრეწველო მშენებლობა; საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა მშენებლობა; ენერგეტიკული პროექტების განხორციელება (საინჟინრო); განათების პროექტები (საინჟინრო); ფანჯრის ჩარჩოების, ლითონის კონსტრუქციების და პროდუქციისა და პანელების წარმოება ("სენდვიჩი").

კომპანია რეგისტრირებულია ბულგარეთის სამშენებლო პალატის კონსტრუქტორთა ცენტრალურ პროფესიულ რეესტრში.

კომპანიის მიერ სხვადასხვა მიმართულებით  განხორციელებულ პროექტთა პორტფელი მრავალფეროვანი შესრულებით არის გამორჩეული. კერძოდ, „პარსეკ ჯგუფის“ მიერ ბულგარეთში განხორციელებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეკონსტრუქციის  საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში; სპორტული კომპლექსების მშენებლობა  და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზების რეკონსტრუქცია; საშუალო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია, განახლება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება  (ეს პროექტი 2019 წლის ეროვნულ კონკურსზე „წლის შენობა“ ჯილდოს მფლობელი გახდა); ბაგა-ბაღების სარეკონსტრუქციო და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.

„პარსეკ ჯგუფის“ პორტფელშია ასევე ცენტრალური ურბანული უბნების,  ქუჩების რემონტისა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახურავების გამოცვლის პროექტები; სარეკრეაციო, ასევე სამედიცინო პროფილის ინფრასტრუქტურის საპროექტო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო პროექტები; ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების შენობა-ნაგებობების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები; სოფლად წყალმომარაგების შიდა ქსელის რეკონსტრუქციის,  ასევე კულტურის სახლების სარემონტო პროექტები“, - აღნიშნავს დუმბაძე.

ბიზნესმენი განსაკუთრებით უსვამს ხაზს „პარსეკ ჯგუფის“ გამოცდილებას ნარჩენების მართვის საწარმოთა დაპროექტება მშენებლობის მიმართულებით, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს რეალობაში უფრო ხვალინდელი დღეა. დუმბაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ბულგარელ სპეციალისტთა გამოცდილება კულტურის ძეგლთა სარესტავრაციო-საკონსერვაციო მიმართულებით - „პარსეკ ჯგუფს“ განხორციელებული აქვს უძველესი ქალაქის,  პერპერიკონის საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები და მოწყობილი აქვს შესაბამისი ექსპოზიცია.  ეს ობიექტი არის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის ძეგლ და ჩვენი პარტნიორების მიერ შესრულებული სამუშაო ბულგარეთის 2017 წლის ეროვნულ კონკურსზე „წლის შენობა“ ჯილდოს მფლობელი გახდა“, - აღნიშნავს დუმბაძე.

მისი თქმით, გამოცდილი ბულგარული კომპანიის საქართველოს ბაზრით დაინტერესება ბევრი საინტერესო, საჭირო და სასარგებლო პროექტის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად განხორციელების წინაპირობაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები