ბიზნესი
19/08/2020

"ბუტრანა“ იტალიური მოცარელას და ჰოლანდიური გაუდას წარმოებას იწყებს

ქართული ღვინისა და ყველის მწარმოებელი კომპანია „ბუტრანა“ ყველის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს და იტალიური მოცარელასა და ჰოლანდიური გაუდას წარმოებას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ჯემალ ხატიაშვილი „ბიზნესპარტნიორს“ ესაუბრა.

„რამდენიმე ცნობილი სახეობის ყველის დამატებას ვგეგმავთ, რომლის რეალიზებაც სატუმროებისა და სპეციალიზირებული მაღაზიების გარდა უკვე ჰიპერმარკეტებში, კარფურში, გუდვილში და სხვა ქსელებში მოხდება. იმედი გვაქვს, იმპორტირებულ პროდუქციას არამარტო კონკურენციას გავუწევთ, არამედ ეტაპობრივად ჩავანაცვლებთ კიდეც. ნედლეული, რითაც ყველს ვაწარმოებთ, არის „ბუტრანას“ მეურნეობიდან. მაგალითად, საფერავში დაძველებული ყველის დასამზადებლად, ჩვენი ვენახიდან დაწურული ღვინო გამოიყენება“– აღნიშნავს ჯემალ ხატიაშვილი.

 როგორც კომპანიაში აცხადებენ, მცირე მასშტაბებით მომხმარებლის მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებენ, ამიტომ „ბუტრანამ“ ასორტიმენტის გაზრდა და სექტემბერში ახალი ფერმის აშენება გადაწყვიტა.

„მომხმარებლისგან მოთხოვნა ძალიან დიდია, ჩვენი მოტივაციაც სწორედ ეს არის, რომ შევთავაზოთ მათ ახალი, ნატურალური და მრავალფეროვანი ყველის სახეობები. მოცარელა და გაუდა საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტზე იქნება გათვლილი. მაგალითად, მოცარელას ფასს 22–23 ლარამდე ვვარაუდობთ. საწყის ეტაპზე, გვინდა საქართველოს ბაზარი სრულად მოვიცვათ. შემდეგ, როდესაც ევროკავშირში ქართული რძის ნაწარმის შეტანა დაშვებული იქნება, გვინდა პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.“–აღნიშნავს ჯემალ ხატიაშვილი.

„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს. კომპანია ქვევრის ღვინოს, სუფრის ყურძენს  და 20–ზე მეტი სახეობის ყველს აწარმოებს. მათ შორის, საფერავში, თაფლში, თათარაში, სუნელებში დავარგებულ ყველს, ასევე ისეთ სახეობებს, რაც მანამდე საქართველოში არ ყოფილა, ეს არის ყველი წითელი და მწვანე პესტოთი.  

 

 

 

 

Businesspartner