ბიზნესი
13/08/2020

„ბუტრანა“ ყველისა და ღვინის რესტორანს გახსნის

ქართული ღვინისა და ყველის მწარმოებელი კომპანია „ბუტრანა“ თბილისში რესტორანს და საფირმო მაღაზიას გახსნის. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩვენი რესტორანი და მაღაზია „ბუტრანა“ თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ უბანში გაკეთდება, რომელიც ტურისტებზე და ქართველ მომხმარებელზე იქნება გათვლილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, რომლის განხორციელებისთვისაც მუშაობას მომავალი ზაფხულიდან დავიწყებთ.“– აღნიშნა ჯემალ ხატიაშვილმა.

კომპანია პროდუქტის რეალიზებას სასტუმროებში, სპეციალიზირებულ ღვინისა და ყველის მაღაზიებში ახდენს. სულ მალე, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, „ბუტრანას“ რესტორანს და იქვე განთავსებულ საფირმო მაღაზიას ესტუმროს.

„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს. კომპანია  20–ზე მეტი სახეობის ყველს, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

Businesspartner