ბიზნესი
30/03/2021

Carrfour-ი დისტრიბუტორების სარჩელზე განცხადებას ავრცელებს

Carrfour-ი დისტრიბუტორების სარჩელზე განცხადებას ავრცელებს

Carrfour-ი სარჩელზე, რომლის მიხედვითაც ქართველი დისტრიბუტორები სასამართლოში ნახევარი მილიონი ლარის ზარალზე ედავებიან, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში, Carrfour-ის ქსელის გაფართოების საფუძველზე, კომპანიასთან ერთად მრავალი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელი განვითარდა და ასევე ქვეყანაში დასაქმდა 2500-მდე საქართველოს მოქალაქე. კომპანია საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს.

„ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან კარფურის მრავალწლიანი   პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. კარფური არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის დაცვას. Carrfour-ი 2012 წლიდან ქართველ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს, ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასად. ეკონომიური ფასების გრძელვადიანი სტრატეგიით, კარფურს აქტიურად შეაქვს წვლილი ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში.“– აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები  Carrfour–ს  სასამართლოში უჩივიან და ₾500 000-მდე თანხას ედავებიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე. ქსელი კომპანიებს პროდუქციის ღირებულების თანხას დროულად არ ურიცხავს. მეორე მხრივ კი დამატებით ირეალურ საკომისიოებს არიცხავენ.

როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონიამ “ბიზნესპარტნორს“ განუცხადა, რაც შეეხება Carrfour-ის მიმდინარე დავალიანებას სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, მისი მოცულობა ჯამში ათობით მილიონი ლარია.

Businesspartner