ბიზნესი
04/12/2020

“ჩემი რანჩო“: ორი ახალი ფერმა წარმოებაში დეკემბრიდან ჩაერთვება

კომპანია „ჩემი რანჩოს“ ხელმძღვანელი  ვანო იოსელიანი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ წარმოების გაზრდით კომპანია დამატებით 110 ტონა ხორცის წარმოებას შეძლებს.

„გავაორმაგეთ წარმადობა, დეკემბრის თვიდან გაყიდვებში ჩაერთვება ახალი ფერმები და უკვე  საახალწლოდ გაორმაგებული რაოდენობის ბოცვრის ხორცით მოვამარაგებთ ქართულ ბაზარს, რაც 2021 წლის გეგმით  200 ტონამდე ნედლ ხორცს გულისხმობს.

 გარკვეული საინვესტიციო პროექტები გვაქვს დაგეგმილი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თუმცა, აქტიურ ფაზაში ჯერ არ გადავდივართ არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამიტომ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ყველაფრის მიუხედავად, მოლოდინები პოზიტიურია, იმედი გვაქვს 2021 წელი ბევრად უკეთესი იქნება.“– აღნიშნავს ვანო იოსელიანი.  

შეგახსენებთ, რომ გარდაბანში დამატებით ორი ფერმის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაასრულა. პროექტში 2.2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ორივე ფერმა ჯამში 1 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული.

გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში  არსებული  კომპლექსი მოიცავს როგორც  ფერმას, გადამამუშავებელ საწარმოს, ისე ლაბორატორიებს და სასაკლაოს.

 

Businesspartner